„შერეკილები“ სცენაზე — როცა ოცნებებს სიტყვები აღარ სჭირდება ...
- Signagifest
- Jun 7
- 2 min read
ფესტივალის მეხუთე დღეს, პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრმა მაყურებელს წარუდგინა სპექტაკლი „შერეკილები“- ( რეჟისორი - გიორგი მეტონიძე, მუსიკალური გაფორმება - ლიკა დაებაიძე, მონაწილეობენ: ცოტნე ჭუმბურიძე, გია ჩხეიძე, ბადრი ბერიძე, დარეჯან ჯოხაძე, მარიამ პანაიოდი, გიორგი მეტონიძე, ბუბა სავანელი, გურამ შუკაკიძე და სხვები) - რეზო გაბრიაძის ტექსტის უსიტყვო, თავისუფალ ინტერპრეტაციაზე დაფუძნებული დადგმა. სცენაზე ხორცშესხმული ორი ცნობილი პერსონაჟი — ერთაოზი და ქრისტეფორე- კვლავაც მოინდომებენ ცათმფრენის აგებას იმ სამყაროში, სადაც ასეთ ფიქრს ხშირად შეშლილობად თვლიან. საჩხერის თეატრის დასის ეს სპექტაკლი იყო უსიტყვო წარმოდგენა, რომელშიც დიალოგის ნაცვლად მოქმედებდა მოძრაობა, მუსიკა, ჟესტები და გამომსახველობითი პლასტიკა. მსახიობებმა სცადეს ტექსტის სულიერად გადმოცემა — გაბრიაძის იუმორის, სევდისა და ბავშვური გულწრფელობის სხეულითა და თვალით განსახიერება. სცენოგრაფიაც, შესაბამისად, მინიმალისტურად იყო წარმოდგენილი, რაც კიდევ უფრო გამოკვეთდა პერსონაჟების სულიერ მდგომარეობას. თუმცა, ამ გადაწყვეტის მიუხედავად, სპექტაკლი, გარკვეულწილად, თითქოსდა ფარავდა თუ ზოგავდა საკუთარ პოტენციალს. მუსიკა, რომელიც ხშირად სცენური სიჩუმის მაგივრად „მუშაობდა“, გახდა გადაჭარბებული და დაძაბული იმდენად, რომ ზოგჯერ მოქმედებას ახშობდა და რიტმს არღვევდა. შარჟი, როგორც ფორმა, მართალია, პერსონაჟებს ერთგვარ სიმსუბუქეს ანიჭებდა, თუმცა ზოგ ადგილას სცენიდან ნამდვილი ემოციის ნაცვლად ზედაპირული და ბანალური იუმორი იღვრებოდა.

თუმცაღა, ამ შენიშვნებთან ერთად, ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას: ნამდვილად იყო გულწრფელი მცდელობა, მცდელობა იმისა, რომ რთული ტექსტისგან შეექმნათ ცოცხალი, სახალხო, ახალი მხატვრულ-გამომსახველობითი ენა. სცენაზე ჩანდა შემოქმედებითი ძიება, არასტანდარტული მიდგომა და გამბედაობა - ეს ის ფასეული კომპონენტებია, რომლებიც დასის მუშაობას შინაარსობრივად ამართლებს. „შერეკილები“ სცენაზე კიდევ ერთხელ იქცა სიმბოლოდ და მეტაფორად იმ ადამიანებისა, რომლებიც შიშს არ უდრკებიან და ცას შეჰყურებენ მაშინაც კი, როცა სხვები თვალს ზევით არც კი სწევენ. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენას სჭირდება ფორმის დახვეწა- დინამიკის გამოკვეთა, მუსიკის გაწონასწორება და ტონის გადახედვა, აშკარაა, რომ ჯანსაღი საფუძველი უკვე დადებულია. ეს ცათმფრენი ჯერ კიდევ ასაშენებელია, გმირებიც ნამდვილად სწორ გზას შესდგომიან. და რაც მთავარია — მნახველს შეახსენებენ: ვინც ცაში იყურება, ის შერეკილი კი არა, უბრალოდ გულწრფელია...
ავტორი: სოფია ნადიბაიძე.







Comments