top of page
Search

„ვარშავის მელოდია“ — როცა სიყვარული არ კითხულობს ისტორიას...

  • Signagifest
  • Jun 7
  • 1 min read

რუმინეთიდან ჩამოსული მცირე დასი (ავტორი - ლეონიდ ზორინი, რეჟისორი და მხატვარი - მირჩა როტარუ, ქორეოგრაფი - ვალენტინ ანდრიესი, მუსიკალური გაფორმება - მარიუს დობრე. მსახიობები: ანდრეა ბოშნეაგი, ვალენტინ ანდრიესი, მიჰაი მარიან იონესკუ) სცენაზე შთამბეჭდავად განასახიერებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილ მძიმე რეალობას. სამი პერსონაჟი გვიყვება სიყვარულისა და ბედისწერის დაპირისპირების ისტორიას, რომელიც ნანგრევებში იბადება და ჟამისმიერ განსაცდელებს ებრძვის.

 

მოქმედება იწყება ომის დამთავრების შემდეგ, ქალაქის ნანგრევებში, სადაც ყველაფერი თითქოს დასრულებულია, მაგრამ მოულოდნელად ახალი გრძნობა — სიყვარული — იბადება. მთავარი გმირები ერთმანეთს იპოვიან სიცარიელეში, მაგრამ მალე აღმოჩნდებიან იმ ვითარებაში, როდესაც პირადი გრძნობები მკაცრი რეალობასა და იმჟამინდელ კანონებს ეწინააღმდეგება. სპექტაკლი აგებულია მინიმალიზმის პრინციპით — სასცენო რეკვიზიტები თითქმის არ არსებობს, ყურადღება მთლიანად ემოციასა და პერსონაჟების ურთიერთობას ეთმობა. მოძრაობა, სიჩუმე და მცირე დიალოგები ქმნიან ისეთ ინტენსივობას, რომელსაც მაყურებელი გრძნობების მთელი სიმძაფრით აღიქვამს. განსხვავებული ისტორიული კონტექსტი, როცა სტალინის ეპოქის კანონები სიყვარულის თავისუფლებას კრძალავს, იწვევს ტრაგიკულ დაპირისპირებას მოვლენათა და ადამიანთა შორის. თუმცა, მიუხედავად ყველა სირთულისა და დაბრკოლებისა, სპექტაკლის ფინალში ეს წყვილი ისევ უბრუნდება ერთმანეთს, ისეა, თითქოს დროის წნეხსაც და ცხოვრების შემზღუდავ ძალებსაც აჭარბებს მათი გრძნობა.

 

ree

„ვარშავის მელოდია“ არ არის მხოლოდ ომის შემდგომი პერიოდის სიყვარულის ისტორია — ეს არის თავგანწირული ბრძოლა იმისათვის, რომ ადამიანმა საკუთარ არსებაში არ ჩაკლას ჰუმანიზმი, მიუხედავად ისტორიის აუტანლად მძიმე განსაცდელებისა; სპექტაკლი არის მეტაფორა ისტორიული დროისა და მომავალი ჟამისაც, სცენაზე გათამაშებული თავგადასავალი მოტივაციად რომ შეიძლება გარდაიქმნას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სამომავლოდ, რათა ადამიანებმა კარგად გავიაზროთ, რომ მაშინაც კი, როცა ისტორიული კატაკლიზმების ეპოქაში, ადამიანთა ემოციები ბედისწერამ ათასგვარად რომც შებილწოს, გარდაქმნას ან, საერთოდაც, გაწიროს, მიუხედავად ყველაფრისა, ყველა იმ პირობითობისა, კაცს გზას რომ უღობავს, სიყვარული მაინც დაუმარცხებელია და ბრუნდება ადამიანთან.

 

 

ავტორი: სოფია ნადიბაიძე.

 
 
 

Comments


  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page