"უკანასკნელი თოლია"
- Signagifest
- Jun 9
- 2 min read
ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია “მოდინახემ” მაყურებელს წარუდგინა მძაფრი ემოციებით, სიმბოლიზმითა და ისტორიული კონტექსტებით გამორჩეული სპექტაკლი „უკანასკნელი თოლია” (ავტორი- მიხო მოსულიშვილი, რეჟისორი- გიორგი ჭანტურია, მონაწილეები: ჟიული შარტავა – ლაშა შარაშენიძე, ჩინდიკოვი – მინდია ქიტიაშვილი, ირმელა შუტცე – ნატა მეშველიანი, გურამ გაბესკირია – ზუკა ბერუაშვილი, რაულ ეშბა – შოთა კაჭარავა, ჯუმბერ ბეთაშვილი – გიორგი ონიანი, გურამ ჯანიაშვილი – ნიკოლოზ მღებრიშვილი, ვალმერ ბუტბა – ლუკა აკობია, ჯოკერი – გიორგი ანთიძე, მულტიკი – ნიკოლოზ კალმახელიძე, კორესპონდენტი – ანანო გოგია, რუსი, ჩეჩენი, კაზაკი და აფხაზი ჯარისკაცები: გიორგი კუტალია, რომან ნებიერიძე, გუგა ჩარგეიშვილი, მერაბ ზუზაძე, საბა გაგელიძე, საბა ჯოლოხავა, დათი ტატულიშვილი). სახელწოდებაც კი სიმბოლურად გადმოსცემს იმ თემატიკას, რაც წარსულზე დაფუძნებული „მეხსიერების თეატრს“ ქმნის, უკანასკნელი თოლია შეიძლება იყოს უკანასკნელი იმედი, გმირი ან უკანასკნელი ხმა, რომელიც ომსა და მდუმარე სივრცეში გაისმის.

დადგმა მოგვითხრობს სოხუმის დაცემის ტრაგიკულ ამბავს 1993 წლის 27 სექტემბერს, როცა ქალაქი დაეცა და ერთ-ერთი უმძიმესი ფურცელი ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. სპექტაკლის ცენტრალურ ფიგურად წარმოდგენილია ჟიული შარტავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური, სახელმწიფოებრივი ღირსების სიმბოლო, რომელმაც სიცოცხლე გაწირა ადამიანური და ეროვნული ღირსების დასაცავად. სპექტაკლის მსვლელობის 90 წუთის განმავლობაში სცენაზე ტემპი პრაქტიკულად არ დაცემულა, რაც, უდავოდ, ახალგაზრდა რეჟისორის დამსახურებაა. ასეთ რთულ თემატიკაზე მუშაობა მოითხოვს როგორც მკაფიო ხედვას, ისე ტექნიკურ სიზუსტეს, რათა ემოციური ინტენსივობა არ დაიკარგოს. რეჟისორმა შეძლო ემოციური ზღვრის დაცვა და მაყურებლის ჩართვა არა მხოლოდ ისტორიული ამბის თხრობაში, არამედ პერსონაჟების განცდებში, არჩევანსა და ტრაგედიაში. ახალგაზრდა მსახიობებმა სცენაზე სრულიად გულწრფელად გამოავლინეს თავიანთი დამოკიდებულება, იგრძნობოდა შინაგანი განწყობაცა და საერთო სულისკვეთებაც. მათი ენერგია და მოკრძალება-პიეტეტიც თემის მიმართ პირდაპირ გადმოედო მაყურებელსაც. სპექტაკლი იქცა ადგილად, სადაც მაყურებელი და მსახიობი საერთო სივრცეს - არამხოლოდ თეატრალურ, არამედ ისტორიული მეხსიერებით დატვირთულ სივრცეს ქმნიდნენ. მინიმალისტური სცენოგრაფიული გადაწყვეტა მაყურებლის ყურადღებას პირდაპირ მიმართავდა მოქმედებასა და ადამიანებზე. სწორედ ეს უშუალობა აძლიერებდა ისტორიული შინაარსის ემოციურ განზომილებას. სცენიდან არ ისმოდა ყალბი სიტყვები, იგრძნობოდა მხოლოდ ტკივილი, თავგანწირვა და იმედი. სპექტაკლის რეჟისორმა ხაზი გაუსვა თემის მნიშვნელობას და თანამედროვე თაობის პასუხს წარსულზე. მან შეძლო, ისტორია არ ექცია მხოლოდ ტრაგიკული მოგონებად, შესაბამისად,შექმნა ცოცხალი დიალოგი ისტორიულ მოვლენებსა და თაობათა შორის, რომელიც, შესაძლოა, გახდეს საწინდარი წარსულის ადეკვატურად გააზრებისა.
ავტორი: სოფია ნადიბაიძე







Comments