"ასული"
- Signagifest
- Jun 9
- 2 min read
ფესტივალის ბოლო დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თეატრი მხოლოდ წარმოდგენა კი არ არის, არამედ აზრისა და ფორმის ცვალებადი, დრეკადი სივრცე. წლევანდელი თეატრალური ფესტივალი მართლაც მრავალფეროვანი გამოდგა: კლასიკასა და ექსპერიმენტს შორის გარდამავალი დიალოგი, დოკუმენტური ინსცენირებები და ფორმის გაბედული ძიებანი მაყურებელს აძლევდა საშუალებას, სხვადასხვა თეატრალური ენა ერთ სცენაზე მოესმინა და დაჰკვირვებოდა მის მრავალფეროვნებას. ფესტივალის დასასრულისათვის მაყურებელმა იხილა განსაკუთრებული წარმოდგენა- ლეგენდარული რეჟისორის, ეიმუნტას ნეკროშუსის შესახებ დოკუმენტური კინოფილმი „ჰორიზონტის გადაწევა“ ( რეჟისორი - აუდრონის ლიუგა, კამერა - დონატას ბუკლისი, მეორე რეჟისორი- იუოზა ჯავაიტისი, მონტაჟი- ვლადიმირას ნოვიკოვასი), რომელმაც არა მხოლოდ თაყვანისმცემლების აღფრთოვანება დაიმსახურა, არამედ ახალ თაობაში დიდი ინტერესიც გამოიწვია.
ასევე, ამ დღეს წარმოადგინეს სპექტაკლი „ასული“ (რეჟისორი- გიგი ლორია, ქორეოგრაფი- სალომე ფილიშვილი, მხატვარი- ანანო დოლიძე, კომპოზიტორი- სანდრო ნიკოლაძე, მონაწილეობენ: ნინო აფციაური, ბარბარე შერმაზანაშვილი, სალომე ფილიშვილი, ლუკა კაპანაძე), რომელიც პოლიკარპე კაკაბაძის ცნობილი პიესის მიხედვით შეიქმნა. თუმცა უნდა ითქვას, რომ სპექტაკლი პირდაპირ არ მიჰყვება ორიგინალურ დრამატურგიულ ხაზს, არამედ ქმნის საკუთარ თეატრალურ რეალობას, რომელიც თემატიკითა და ემოციური მუხტით ნათლად უკავშირდება პირველსახეს. დადგმა საინტერესოა იმით, რომ მიუხედავად ტექსტისგან გარკვეული დისტანცირებისა, ამბავი მაინც მკაფიოდ იკითხება სცენაზე. მსახიობები იყენებენ პლასტიკისა და სხეულის ენას, რათა შინაარსს მეტი მეტაფორულობა შესძინონ. გამოსახვის ეს გზა, არცთუ ისე მარტივი რეალიზებისას, ითხოვს როგორც ფილიგრანულ ქორეოგრაფიას, ასევე შინაგან, ნამდვილ თანაგანცდას, რასაც მეტწილად რეალურად აღწევენ კიდეც მსახიობები. მუსიკა ორგანულად ერწყმის მოქმედებას და სცენის რიტმს თანხვდება, არც ახშობს და არც სცდება მას, პირიქით, ხაზს უსვამს, ყოველ ჯერზე, ემოციურ გრადაციას.

მიუხედავად ამ საინტერესო ფორმისა და გაბედული თეატრალური ხედვისა, შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლს გარკვეულ მომენტებში აკლია დრამატურგიული განვითარება. ეს არ ნიშნავს, რომ დადგმა არ არის შინაარსიანი ან მკვეთრად ხარვეზიანია, არა, პირიქით, ის თემატურად დატვირთულია და სათქმელიც ცხადად გაიაზრება მაყურებლის მიერ. ახალგაზრდა დასის მონდომება, ხედვა და ექსპერიმენტირების სურვილი აშკარად შესამჩნევი და დასაფასებელია. სცენაზე იგრძნობა პროფესიული და სულიერი მზაობა, რაც მთავარია, ის მაძიებლობა, თეატრის სახელოვნებო განვითარებისთვის ყველაზე მძლავრი იმპულსი რომაა. ყოველივე ზემოთქმულს დავამატებ ჩემს განმაზოგადებელ შეფასებას განსახილველი ინსცენირების თაობაზე: „ასული“ მართლაც არის ერთ-ერთი იმ სპექტაკლთაგანი, რომელიც გამორჩეული ფორმით ცდილობს კლასიკური ტექსტის გადააზრებას და თანამედროვეობის ენაზე მის ადაპტაციას.
ავტორი: სოფია ნადიბაიძე







Comments