სცენაზე გაცოცხლებული სვანური ისტორიული მეხსიერება
- Signagifest
- Jun 5
- 2 min read
სიღნაღის თეატრალური ფესტივალის მეოთხე დღეს მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა წარმოადგინა სპექტაკლი „ლუშნუ“ (ავტორი- სოფო ფალიანი, რეჟისორი - ლაშა ონიანი, მხატვრები: რამაზ ფილფანი, საშა გვარლიანი, ქორეოგრაფები: ბეთქილ ჩართოლანი, გიორგი მერლანი, არჩილ მურღვლიანი, მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის გიორგი ხოსიტაშვილს. სპექტაკლში მონაწილეობენ: გეგი ფალიანი, მარიამ ნავერიანი, გიორგი ნავერიანი, ბაქარი ფალიანი. ასევე, ანსამბლი „რიჰო“, ხელმძღვანელი - ვახტანგ ფილფანი, ანსამბლი „ბანგურიანი“, ხელმძღვანელი - ბექა ჩართოლანი).
ცხადია, წინასწარ ვიცოდით, რომ წარმოდგენა დაფუძნებული იქნებოდა სვანურ ადათ-წესებსა და ფოლკლორზე, ამიტომ მოლოდინიც შესაბამისი გვქონდა – ველოდით არა მხოლოდ თეატრალურ ფაქტს, როგორც ასეთს, არამედ ცოცხალი კულტურული მეხსიერების სცენაზე რეპრეზენტირებას. იმედი მართლაც არ გაგვცრუებია, „ლუშნუს“ სცენური სურათები მაყურებელს სხვადასხვა ქრონოტოპულ (დრო-სივრცულ) რეალობაში ამოგზაურებდა – სვანური მითოლოგიიდან, ვიდრე რეალურ-ისტორიულ ყოფამდე, ვინაიდან წარმოდგენა ეყრდნობა დადასტურებულ მატერიალურ კულტურას- სვანურ წერილობით წყაროებსა და ეთნოგრაფიულ მასალას.
სპექტაკლში მკვეთრადაა წარმოჩენილი ადათობრივი სამართლისა და კულტურის თემატიკა – ღირსების, შურისძიების, გვაროვნულ-ტომობრივი ერთობისა და ზნეობის ტრადიციები. ქორეოგრაფიით გადმოცემული ეპიზოდები კი ქმნის ორგანულ და დინამიკურ კავშირს მოძრაობის, როგორც ასეთის, შესაძლებლობასა და ისტორიას შორის.
სპექტაკლში საგანგებოდ გამოარჩიეს ლილე – სვანური ფოლკლორის ფიგურა, რომელიც სიმბოლურად ერთდროულად აერთიანებს რწმენასა და კულტურულ მეხსიერებას. ამ ლოგიკური მონახაზით სპექტაკლი თანაბრად წარმოჩნდა საგანმანათლებლო, ემოციურ და ვიზუალურად გამორჩეულ სახელოვნებო მოვლენად. სვანური ადათები –დღემდე ცოცხალი ტრადიციაა და არა მხოლოდ ეთნოლოგიური შესწავლის თეორიული მოცემულობა. სვანური ტრადიციებისა და რწმენა-წარმოდგენების სცენაზე გადმოცემა არ არის მხოლოდ ისტორიის სხვათათვის გაზიარება, არამედ, ჩემი აზრით, ესაა თვითმყოფადობის შენარჩუნების მცდელობაც განსხვავებულ თანამედროვე სამყაროში. სწორედ ამით არის ღირებული სპექტაკლი – ის მაყურებელს არა მხოლოდ აჩვენებს წარსულს, როგორც მემკვიდრეობას, არამედ უჩენს მკვეთრ განცდას, რომ ტრადიციები ცოცხალი ფენომენია და არა სამუზეუმო ექსპონატი. თუმცა,ცხადია, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენას ჰქონდა გარკვეული სცენური ხარვეზებიც. ცალკეული სცენების სიმბოლიკა ერთობ დატვირთული და შთამბეჭდავიც იყო, მაგრამ მთლიანობაში აკლდა თხრობის გამართული უწყვეტობა, დინამიზმი, მიზეზ-შედეგობრივი ლოგიკა და, შესაბამისად, სიუჟეტური ერთიანობაც. მაყურებელი შინაგანად ვერ მიჰყვებოდა ერთ მკაფიო ამბავს – ეპიზოდები თითქოს დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე, თვითკმარად არსებობდნენ, ხოლო სცენებს შორის ლოგიკური „ხიდები“ არ იყო საკმარისად და დამაჯერებლად მოტივირებული. ეს ერთგვარად აფერმკრთალებდა ემოციურ უკუკავშირს და ართულებდა კიდეც სპექტაკლში მაყურებლის სიღრმისეულად ჩართვის პროცესს.

მიუხედავად ამისა, „ლუშნუ“ უკვე არის მნიშვნელოვანი მცდელობა სცენაზე ისტორიული მეხსიერების რეპრეზენტაციისა. სპექტაკლი თავისი ფუნქციით გაცილებით მეტია, ვიდრე სვანეთის შესახებ მაყურებლის წარმოდგენა-შთაბეჭდილების ინსპირაცია, ის არა მხოლოდ ამა თუ იმ რეალიის გათამაშების სივრცეა, არამედ ნამდვილადაა ცოცხალი კულტურის ნაწილად მაყურებლის თვითცნობიერების საშუალებაც. ჩემი აზრით, სპექტაკლის, როგორც თეატრალური ფაქტის, სრულყოფისათვის მხოლოდ ერთი რამაა საზრუნავი და დასაკორექტირებელი – დადგმის ლიტერატურული სცენარის,თხრობითი ნაწილის გამართვა-გამყარება, რათა ეს თეატრალური გამოცდილება მაყურებლისათვის ერთდროულად იყოს შემეცნებითიც, სიუჟეტურად გამართულიცა და ემოციურად შთამბეჭდავიც.
ავტორი: სოფია ნადიბაიძე.







Comments