top of page
Search

„რატომ არ დაფრინავენ ადამიანები?!“

  • Signagifest
  • Jun 2
  • 2 min read

სიღნაღის თეატრალური ფესტივალის ცხელი დღეები გრძელდება. ფესტივალზე მყოფ მაყურებელს 2 ივნისს ჰქონდა  თეატრი „არტ დრონის“ ქორეოგრაფიული  სპექტაკლის „იცეკვე, დამძიმდა ფრთები“ (რეჟისორი- ლუკა მეგრელაძე) ხილვის საშუალება.

„არტ დრონი“ სიღნაღის თეატრალურ  ფესტივალში მეორედ იღებს მონაწილეობას. გასულ წელს  სამოყვარულო  დასმა წარმოადგინა ლუკა მონავარდისაშვილის სპექტაკლი  „ფრენა“, რომელიც ეხებოდა ისეთ აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებს, როგორიცაა შშმ პირთა  და მათი ოჯახის წევრების ცხოვრება. ამჯერადაც, დასი არანაკლებ მნიშვნელოვან თემას ეხება-  ქალთა როლი თანამედროვე საზოგადოებაში, თავისუფლების შეზღუდვა, ძალადობა, ფემიციდი.  ყურადსაღებია ისიც, რომ ამ ორი დადგმის სათაური  სიმბოლურად დაკავშირებულია ფრენასთან, ფრთებთან  ანუ თავისუფლებასთან.

სპექტაკლის მხატვრობა  ეკუთვნის თავად რეჟისორ ლუკა მეგრელაძეს  და მხატვარ ანა ტაბატაძეს. სცენოგრაფია  მინიმალისტურია, მაგრამ ამავდროულად ძალზე მეტყველია. სცენაზე რამდენიმე სკამი და გამხმარი გვირილებია, რომელთა სურნელი მაყურებლის სასუნთქ გზებში აღწევს. ატმოსფერო არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ არომატების სახით შეიქმნა.

სიმბოლური თვალსაზრისით გვირილა ასოცირდება ახალგაზრდობასთან, უმანკოებასა  და სიყვარულთან. ბავშვობაში და არა მხოლოდ ბევრ ჩვენგანს გვირილით უთამაშია „ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ“. გამხმარი ყვავილი კი, შეიძლება  გამოხატავდეს  ამ გრძნობებისა და მდგომარეობის ჭკნობას, რასაც იწვევს თავისუფლების შეზღუდვა და ძალადობა.

არავერბალური მეტყველება უნიკალური რამაა, ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ ის,რომ ადამიანს  ვერბალურად, ასე თუ ისე მარტივად შეუძლია საკუთარი გრძნობებისა და ემოციების შენიღბვა, მაგრამ  სხეულის ენით ამის დაფარვა ურთულდებათ.  ამის თვალსაჩინო მაგალითი სწორედ ლუკა მეგრელაძის  დადგმაა- ცეკვას შეუძლია ბევრი რამის მოთხრობა, მაგალითად იმის, თუ როგორ სურთ ქალებს საზოგადოებრივი შეზღუდვებისგან გაქცევა, უფრო სწორედ კი გაფრენა.  სპექტაკლის ხილვისას არაერთი ასოციაცია დამებადა, მაგალითად, როდესაც შემოქმედებითი ჯგუფი  ფრენის-  თავისუფლებისაკენ სწრაფვის სურვილს გამოხატავდა გამახსენდა ალექსანდრ ოსტროვსკის პიესის „ ჭექა- ქუხილის“ პერსონაჟი კატერინა, რომელიც მუდამ იმეორებდა სიტყვებს - „რატომ არ დაფრინავენ ადამიანები?!“.


ree

აღსანიშნავია სპექტაკლის ერთ-ერთი სცენა, სადაც ქალი მსახიობები  მარიონეტებივით მოძრაობენ,  ამ ქორეოგრაფიული  გამოხატულების საფუძველზე გამახსენდა ჰენრიკ იბსენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი  დრამა „თოჯინების სახლი“, სადაც მთავარი პერსონაჟი -  ნორა თავისი ქმრის თოჯინას როლისგან თავს აღწევს.

დადგმაში წინ წამოწეულია არჩევანის თემა, რაც გამოიხატა ორი კონტრასტული პერსონაჟის შემოყვანით, ერთი- ძაძებში გახვეული ქალი მორჩილებას ირჩევს, ხოლო მეორე-  ტალახში ამოსვრას (გიორგი ლეონიძის „მარიტას“ ასოციაციას ბადებს), მაგრამ  თვითგამოხატვის თავისუფლების ხარჯზე.

ერთ-ერთ  მიზანსცენაში ქუდიდან ცვივა ბუმბული, თითქოს ეს ის ბუმბულია, რომელიც მონობისგან დაღწევის პროცესში ჩამოცვივდა. ასევე გამოვყოფ ბუტაფორიული თვალების თანხლებით მოძრაობების მომენტს, რომელშიც მძლავრად იგრძნობა ის, თუ როგორ თრგუნავს  მართლაც რომ ბუტაფორიული საზოგადოება ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქალებს.

სპექტაკლის ხანგრძლივობა ძალზე ლაკონიურია, მაგრამ ყურადსაღებია ის, რომ მაყურებელს არაერთხელ ეგონა, რომ სპექტაკლი სრულდებოდა, თითქოს სპექტაკლში ფინალთა ნაკრები იყო.  ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ  დასის წევრები ( ანა ტაბატაძე, მარიამ ბერუაშვილი, სოფიო ტორაძე, თეკლა კიკნაძე, ეკა ბიწაძე, ფოტინე ჩილაჩავა, სამირა კახითაევა, გიორგი კაკალაძემერი კიკნაძე) მთელ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად   40 წუთის განმავლობაში  მძლავრად მუხტავს მაყურებელს  და  სხეულის მეტყველებით აფიქრებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებულად ქართველი მაყურებლისთვისაა აქტუალური.


ავტორი: ანასტასია ჩერნეცოვა.

 
 
 

Comments


  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page