„ოცნებები მცნებებივით ირღვევიან“
- Signagifest
- Jun 2
- 2 min read
2025 წლის 1 ივნისიდან დაიწყო სიღნაღის თეატრალური ფესტივალის მესამე სეზონი, რომელმაც გააერთიანა ქართული და უცხოური (თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, აზერბაიჯანი, რუმინეთი) სამოყვარულო დასები.
ფესტივალის წლევანდელი პროგრამა გამოირჩევა როგორც ვერბალური, ისე არავერბალური წარმოდგენებით. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება რეჟისორ ლუკა ინწკირველის სპექტაკლი „უსახელო ვარსკვლავი“ (მიხეილ სებასტიანის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით), რომელიც ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებულ სახალხო თეატრის დასთან ერთად ფესტივალის გახსნის დღეს წარმოადგინეს.
„უსახელო ვარსკვლავის“ არაერთი სცენური და კინემატოგრაფიული ინტერპრეტაცია არსებობს, მაგალითად, მიხაილ კოზაკოვის 1979 წელს გადაღებული სატელევიზიო ფილმი. აღნიშნული ფილმის რეჟისორის ხსოვნას 2016 წელს ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მიუძღვნა ამავე პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი.
ლუკა ინწკირველი და ბორჯომის სახალხო თეატრი სიღნაღის თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობას იღებენ დაფუძნების წლიდან, შესაბამისად დაკვირვების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ დასი მუშაობს როგორც ქართულ კლასიკურ და თანამედროვე, ისე უცხოურ ნაწარმოებებზე, რაც მოყვარულ მსახიობებს შემოქმედებითი პალიტრის გამრავალფეროვნების საშუალებას აძლევს. გასულ წელს ბორჯომის თეატრმა დავით კლდიაშვილის „ბაკულას ღორების“ ინტერპრეტაციით წარმოადგინა როგორც სარეჟისორო, ისე სამსახიობო თვალსაზრისით საინტერესო ნამუშევარი.
იმერული კარ-მიდამოდან გადავინაცვლოთ ერთ პატარა ქალაქში, სადაც ოცნებაც კი აკრძალულია. ამ ქალაქის მკვიდრნი – მარინი (ამირან ქაჩიბაია), მადამ კუკუ (სალომე მიქელაშვილი) და უდრია (გიორგი ჩოჩნიძე) იზოლირებული ცხოვრებისგან წამიერად თავის დაღწევის მიზნით სადგურზე იკრიბებიან და უცხოურ მატარებლებს უყურებენ, რომლებიც არც კი ჩერდებიან.
სალომე მიქელაშვილის შესრულება ბუნებრიობით გამოირჩევა. მსახიობმა მადამ კუკუს სახით შექმნა ფუფალას მსგავსი (განსაკუთრებით კი ტუჩსაცხის წასმის სცენაში), ექსცენტრიკული, პროვინციული აზროვნების მქონე ქალის სახე, რომელიც ერთფეროვანი ცხოვრებისგან გაქცევის მიზნით, ქალაქის თითოეული ბინადრის პირადი ცხოვრების ამბებით იკვებება. გიორგი ჩოჩნიძემ კი ფართო თვალსაწიერის მქონე კომპოზიტორის პორტრეტი შემოგვთავაზა. უსაზღვროდ განათლებული, მეოცნებე და რომანტიკული სულისკვეთების მქონე პერსონაჟი ორგანულობით გამორჩეული შესრულებით წარმოადგინა ამირან ქაჩიბაიამ.
თამარ გელაშვილის პერსონაჟი – მონა იდუმალებითა და მგრძნობელობითაა გაჯერებული, რომელსაც ქალაქის სინაცრისფრეში მრავალფეროვნება შემოაქვს – იმედის ნაპერწკალი, რომელიც წუთისოფლის კანონის თანახმად, თვალის დახამხამებაში ქრება. მსახიობის შესრულებაში მომენტებში ჭარბობდა მანერულობა, რაც პერსონაჟის ბუნებრივად წარმოჩენას ხელს უშლის. ბაქარ ლომიძის გრიგი ირონიული ბუნებით და გულგრილობით გამოირჩევა. სწორედ გრიგია ის პერსონაჟი, რომელიც ამსხვრევს დანარჩენ პერსონაჟთა ილუზიას.
აღსანიშნავია, რომ თითოეულ მსახიობს გააჩნია პარტნიორობის უნარი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სპექტაკლი გამოირჩევა ანსამბლურობით.
წარმოდგენას რეფრენად გასდევს რიუჩი საკამოტოს „Amore“ (იტ. – „სიყვარული“), რომელიც ქმნის გულისამაჩუყებელ, რომანტიკულ და ამავდროულად სევდიან ატმოსფეროს (მუსიკალური გაფორმება – ლუკა ინწკირველი).
მართალია, მონა პერსონაჟებს დიდ იმედს უტოვებს, მაგრამ თუ ეს ქალაქი ისეთივე იზოლირებული იქნება, როგორც ჩრდილოეთ კორეა, მაშინ ეს ოცნებები ხომ მცნებებივით დაირღვევა?!
ავტორი: ანასტასია ჩერნეცოვა








Comments