ომი, როგორც საცირკო სანახაობა
- Signagifest
- Jun 4
- 2 min read
სიღნაღის თეატრალური ფესტივალის მესამე დღეც დადგა. ადგილობრივი ამინდი თითქოს კვლავ სცენიდან იწყებს საუბარს. ზაფხულის წვიმამ, მსუბუქმა სუსხმა და ჭექა-ქუხილმა მოიცვა არა მხოლოდ ქალაქი, არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების „დასი ბასირას“ დადგმა „ტრიო: სტუმარი“ (რეჟისორი - მოჰამედ აბდულა), რომელიც ეხება ისეთ მძიმე თემას, როგორიცაა ომი და მისი შედეგები თანამედროვე ადამიანზე.
„Basira Troupe“ ახალდაარსებული დასია, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, დასის მსახიობებს უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ. თითოეული მათგანი განათლებას იღებდა საშემსრულებლო ხელოვნების აკადემიაში (SPAA), რაც მსახიობთა საკმაოდ ხარისხიან შესრულებაშიც აისახა (სპექტაკლში მონაწილეობენ თავად რეჟისორი - მოჰამედ აბდულა, მოჰამედ ჰეშანი და ჰანა მოატაზი).
აღნიშნული დადგმა წარმოდგენილია, როგორც ექსპერიმენტულ-სიმბოლური დრამა, რომელშიც მკაფიოდ იკვეთება საცირკო სანახაობის ელემენტები, რაც განსაკუთრებით გამოიხატება კომიკურ-ექსცენტრიკულ ჟესტებსა და მოძრაობებში, ჯამბაზებისთვის დამახასიათებელ გრიმსა და ჩაცმულობაში.
შეიძლება მაყურებელს გაუჩნდეს კითხვა, რა შუაშია საცირკო სანახაობის ელემენტები ომის თემატიკასთან, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, საცირკო ხელოვნება, რომელიც მოიცავს თუნდაც ცხოველთა უფლებების დარღვევას, ომზე არანაკლები სისასტიკით გამოირჩევა. თანაც, ომის ტყვეებსაც ხომ ისეთივე სისასტიკით ეპყრობიან, როგორც ცირკში გაწვრთნილ ცხოველებს.
სპექტაკლის მხატვრობა ებრაჰიმ აშას ეკუთვნის, რომელიც შემოიფარგლება რამდენიმე კუბით და მათზე დამაგრებული წითელი ბუშტებით, რომლებზეც დატანილია ციფრები ერთიდან ათამდე. მსგავსი მხატვრული გადაწყვეტა ქმნის ტირის ასოციაციას — თითქოს მალე ვინმე მოვა და ტყვიებით გახეთქავს ამ ბუშტებს, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. სცენის მუშებს უბრალოდ გადაჰქონდათ ეს კუბები ერთი ადგილიდან მეორემდე. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დანომრილი ბუშტები საფლავის ასოციაციას ბადებენ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, რეკვიზიტის უბრალო გადატანას არანაირი დატვირთვა არ გააჩნია.
აღსანიშნავია ისიც, რომ შემოქმედებითი ჯგუფი მიმართავს მეოთხე კედლის დამსხვრევას, რაც გამოიხატა არა მხოლოდ მაყურებელთან უბრალო საუბრის გამართვაში, არამედ სცენაზე მისი ამოყვანით და პერსონაჟთა როლის წუთიერი მორგებით. აღნიშნული გადაწყვეტით მსახიობები მნახველს განსაკუთრებული სიმძაფრით აგრძნობინებენ იმას, თუ რა სისასტიკეს განიცდიან თავიანთი პერსონაჟები.
დასი ბასირას სპექტაკლი „ტრიო: სტუმარი“ ძალზე ლაკონიურია, მაგრამ დროის მცირე მონაკვეთში შემოქმედებითმა გუნდმა მაყურებელს ემოციათა მთელი სპექტრი შესძინა და, რაც მთავარია, არ დაუტოვა დანაკლისის შეგრძნება.
ავტორი: ანასტასია ჩერნეცოვა.








Comments