"ასტერიონის პერანგი" - როცა სხეული სიტყვებზე ხმამაღლა მეტყველებს
- Jun 8
- 2 min read

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ყოველთვის გვაძლევს იმის შანსს, რომ სრულიად განსხვავებული, საზღვრებგარეშე თეატრალური ენა აღმოვაჩინოთ. ამ მხრივ, უცხოენოვანი დასის ჩამოსვლა და ჩვენს სცენაზე მათი მასპინძლობა ცალკე აღნიშვნის ღირსი და დასაფასებელი მოვლენაა. სწორედ ასეთი განსაკუთრებული აღმოჩენა გახდა თეატრ „სულისლაპურას“ სპექტაკლი „ასტერიონის პერანგი“. ლიკა შარაშიძის ამ ნაწარმოებში ორმა არტისტმა და რეჟისორმა - ქართველმა ნინა ლედიანმა და კატალონიელმა იბაი ზუნზუნეგიმ - სცენაზე ნამდვილი, ცოცხალი ქორეოდრამა გააცოცხლა.
ეს სპექტაკლი არის ფიზიკური თეატრისა და მკვეთრი ვიზუალური ენის სინთეზი, რომელშიც სიტყვები მინიმუმამდეა დაყვანილი. დიდ ტექსტს აქ ვერც აღმოვაჩენთ, მთავარი სათქმელი სხეულის ენით, მოძრაობითა და ორ ადამიანს შორის გაჩენილი უხილავი, ლიმინალური კავშირით გადმოიცემა. პერსონაჟები ერთმანეთს, საკუთარ ტრავმებსა და გენდერულ როლებს სწორედ სხეულის პლასტიკით გამოხატავენ და პასუხობენ კითხვაზე: რა რჩება მაშინ, როცა გამოსავალი გაქცევა კი არა, გაგებაა? სპექტაკლის ერთ-ერთი უდიდესი პლუსი სცენოგრაფიული მინიმალიზმი და პარტნიორობა, ინსცენირებისა კი აბსოლუტური სისადავე. სცენაზე არ არის არანაირი ზედმეტი რეკვიზიტი, მხოლოდ ორი არტისტი და ცარიელი, სიმბოლური სივრცე. ეს სიცარიელე საშუალებას გაძლევს, მთელი ყურადღება მათ უბადლო პარტნიორულ შეგრძნებაზე გადაიტანო, რაც ამ კონკრეტულ ნამუშევარში საკვანძო, მამოძრავებელი ძალა აღმოჩნდა.
მსახიობებს შორის არსებული სწორად გააზრებული, იმპულსური მოძრაობები იყო სადა, მაგრამ, ამავდროულად, დახვეწილი. ყოველი შეხება, მიმართულების შეცვლა თუ დინამიკა იგრძნობოდა როგორც ორგანული, სრულიად ბუნებრივი რეაქცია ერთმანეთის ფიზიკურ იმპულსზე. ეს არ იყო უბრალოდ დასწავლილი, მექანიკური ქორეოგრაფია, ეს იყო სცენური პარტნიორობის შეგრძნება
წარმოდგენაში იყო მომენტები, როდესაც ემოცია სრულიად ნამდვილად, ორგანულად და მძაფრად აღიქმებოდა. თუმცა, გარკვეულ ეპიზოდებში, ეს მაღალი მუხტი თითქოს შენელდა. ზოგიერთ მომენტში გაჩნდა შეგრძნება, რომ დრამატული ემოცია ზედმეტად გაიწელა, რამაც სპექტაკლის საერთო ტემპო-რიტმის ჩავარდნა გამოიწვია. როდესაც ქორეოდრამაში ტექსტის საყრდენი არ გაქვს და აქცენტი მხოლოდ ფიზიკურ დიალოგზეა, დინამიკის ასეთი ვარდნა მაყურებლის ყურადღებას ოდნავ ადუნებს. მიუხედავად ამ მცირე ტექნიკური ჩავარდნებისა, „ასტერიონის პერანგი“ მაინც დამაფიქრებელ შთაბეჭდილებას ტოვებს სწორედ იმ თვალთახედვით, თუ როგორ ახერხებს ორი სრულიად განსხვავებული კულტურული იდენტობის მქონე არტისტი სცენაზე სხეულის, მითებისა და ქვეცნობიერის ერთ ენაზე ამეტყველებას.
ავტორი: სოფია ნადიბაიძე





Comments