top of page
Search

გაწყვეტილი ხაზები: როგორ იპარავს ციფრული დისტანცია ემიგრანტულ ტკივილს

  • Jun 6
  • 2 min read

სიღნაღის თეატრში ნიდერლანდების სამეფოში არსებულმა ქართულმა სამოყვარულო თეატრმა „ათინათმა“ წარმოადგინა სპექტაკლი „სათვალიანი ბომბი“.  ეს არის ენთუზიაზმით სავსე ქართველი ემიგრანტების გაერთიანება, რომელთა მთავარი მისია ემიგრაციაში ქართული კულტურის, თეატრალური ტრადიციების შენარჩუნება, მისი ევროპელი მაყურებლისთვის გაცნობა და საქართველოსთან ცოცხალი კავშირის გაგრძელებაა.

   თავად სპექტაკლის ფაბულა უაღრესად ემოციურ და მტკივნეულ თემებს ეხება  ეს არის ამბავი ომზე, მოგონებებზე, ქვეყნებსა და თაობებს შორის დაკარგულ კავშირებზე. სპექტაკლის ანოტაცია ზუსტად გვეუბნება: „ბომბის შიგნით იფეთქებს ყველა კითხვა, რომლის პასუხსაც საკუთარ თავში ვეძიებთ“. წარსული, რომელიც ადამიანებზე ახდენს გავლენას, აწმყო, რომელიც ნთქავს გაგებასა და თანაგრძნობას და ტკივილი, რომლითაც ასე სავსეა ეს სამყარო   აი, ის ღერძი, რომლის გარშემოც იგება სპექტაკლის დრამატურგია, რომელიც ავტორების  გურამ ოდიშარიასა და ბადრი წერედიანის  მიერაა შექმნილი. სცენაზე ამ რთული ნარატივის გაცოცხლებას რეჟისორსა და ქორეოგრაფ ბადრი წერედიანთან, მხატვარ მაკა ჯღარკავასა და მუსიკალურ გამფორმებელ ვახო ნინუასთან ერთად, მთელი მონდომებით ცდილობენ მსახიობები: ზურაბ ლოგუა, დავით კლდიაშვილი, ალექსანდრე ნარსია, ვანო მოსულიშვილი, ნათია ახვლედიანი და ანა ნინუა. ისინი მართლაც ძალიან  მონდომებული ახალგაზრდები არიან.

    თუმცა, როდესაც საქმე პროფესიულ, კრიტიკულ ანალიზზე მიდგება, აუცილებელია ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ კონკრეტულ დადგმაში იჩენს თავს. სპექტაკლში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე მედიუმი - კომპიუტერი, რაც თავისთავად საინტერესო, აქტუალური და ემიგრანტული ყოფიერებისთვის ძალიან ორგანული სარეჟისორო გადაწყვეტაა. მაგრამ სწორედ აქ მალავს თეატრი თავის მთავარ ხაფანგს. როდესაც მსახიობები კომპიუტერს იყენებენ და ცალ-ცალკე სივრცეებში არიან გადანაწილებულნი, სცენაზე პარტნიორული შეგრძნებები ხშირად იკარგება. ამ დროს, ეკრანებს მიღმა, ამბავი თითქოს ქრება და იფანტება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მსახიობი ინდივიდუალურად მაქსიმუმს აკეთებს, სპექტაკლს აკლია საერთო გუნდურობა,  ის ერთიანი სცენური შეგრძნება, რომელიც მსახიობებს შორის უხილავ ძაფებს აბამს ხოლმე და ერთიან დრამატურგიულ ქსოვილს ქმნის.

   კავშირი პარტნიორთან წამითაც არ უნდა გაწყდეს. თუკი ცოცხალი კონტაქტი სუსტდება, სპექტაკლის ტემპო-რიტმი მაშინვე ვარდება და მოქმედება, სამწუხაროდ, მოსაწყენი ხდება. თეატრი ეკრანზე მაშინაც კი არ უნდა გადაიქცეს მშრალ დეკლამაციად, როცა გმირები ერთმანეთს მონიტორებიდან ელაპარაკებიან. ტექსტი შეგრძნებების დონეზე იმისათვისაა მოწოდებული, რომ „სათვალიანმა ბომბმა“ მაყურებლის გულებში მართლაც ააფეთქოს მთავარი სათქმელი,  შესაბამისად, ინსცენირებისას ტექსტი არ უნდა დარჩეს მხოლოდ წარმოთქმულ სიტყვებად. ასეთი  ღრმადემოციური დრამის დროს, მსახიობების მხრიდან ტექსტის მოწოდება ბევრად უფრო ღრმა - შეგრძნებების, ქვეცნობიერისა და ემოციური იმპულსების დონეზე უნდა ხდებოდეს. როდესაც პარტნიორს უსმენ (თუნდაც ონლაინ რეჟიმში), მისი ყოველი სიტყვა შენს სხეულსა და ხმაში უნდა ირეკლებოდეს.

   „ათინათის“ დასს  ნამდვილად აქვს ყველაზე მთავარი   საოცარი მუხტი, ენთუზიაზმი და სიყვარული იმ საქმისა, რასაც აკეთებს. ეს არის უმშვენიერესი ბაზისი. კრიტიკული ხედვა კი მხოლოდ იმიტომაა საჭირო, რომ  მომავალში უფრო მეტად იმუშაონ გუნდურობაზე, დახვეწონ სცენური ტემპო-რიტმი.  

დასაფასებელია, რომ ემიგრაციაში მყოფი ეს ხელოვანები სცენიდან სწორედ ამ გაწყვეტილი კავშირების აღდგენასა და გამთელებას ცდილობენ.


ავტორი: სოფია ნადიბაიძე

 
 
 

Comments


  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page