"დავიდი და ედვარდი" - როცა თამაშის ტექნიკა სრულდება და ხელოვნება იწყება
- Jun 8
- 1 min read

სიღნაღის თეატრალური ფესტივალი ქალაქისთვის ყოველთვის არის განსაკუთრებული კულტურული მოვლენა, თუმცა წელს მაყურებელსა და სფეროს მკვლევრებს ერთი მთავარი რამ დაგვაკლდა სცენური ორგანულობა. ფესტივალის პროგრამაში იშვიათად იკვეთებოდა ის ნამდვილი, პირველწყაროსეული სამსახიობო ენერგია, რომელიც სპექტაკლს ცოცხალ მოვლენად აქცევს. სწორედ ამ ფონზე, ლიეტუვას „კლაიპედას ციხესიმაგრის თეატრის“ სტუმრობა და მათი სპექტაკლი - „დავითი და ედვარდი“- ნამდვილ აღმოჩენად და წლევანდელი დღესასწაულის უდიდეს ღირსებად იქცა.
ლიონელ გოლდშტაინის პიესის მიხედვით დადგმული ეს 75-წუთიანი კომედია ორ სრულიად უცხო მამაკაცზე გვიყვება, რომლებიც ერთმანეთს ახლადგარდაცვლილი ქალის საფლავზე ხვდებიან (რეჟისორი-ალვიდას ვიზგირდასი, მონაწილეები: აურიმას პინტულისი, ვაიდას იოცისი), ნელ-ნელა ირკვევა, რომ ისინი ერთი და იმავე, მათთვის ერთადერთი და უსაყვარლესი ქალის პატივის მისაგებად მოვიდნენ. სპექტაკლი სვამს უმწვავეს კითხვას: რეალურად ვიცნობთ კი მათ, ვინც ჩვენ გვერდით ცხოვრობს? ვიცით ყველაფერი ჩვენს პარტნიორებზე, მეგობრებსა თუ მეზობლებზე? მიუხედავად იმისა, რომ გვგონია, მათი ყოველი ნაბიჯი წინასწარ განვსაზღვრეთ, ცხოვრება მაინც მოულოდნელობებს გვიმზადებს და ხშირად აბუჩად იგდებს ჩვენს თავდაჯერებულობას.
ამ სპექტაკლის მთავარი ძალა და ხიბლი მის საოცრად ძლიერ, აქტიურ და ორგანულ საშემსრულებლო ხელოვნებაშია. სცენაზე მხოლოდ ორი მსახიობი დგას, 75 წუთის განმავლობაში მათ აჩვენეს პარტნიორობის ისეთი მაღალი, ინტუიციური დონე, რომელიც დღეს თეატრში ასე იშვიათია. მათი მოძრაობები, რეაქციები და ემოციური გადასვლები იმდენად ბუნებრივი იყო, რომ მაყურებელი წამითაც არ გრძნობდა დასწავლილ, მექანიკურ ტექსტს. ეს იყო ორი არტისტის გენიალური სცენური თანაარსებობა, რომლის ყოველი იმპულსი მეორე მსახიობისგან ორგანულად იბადებოდა.
სიღნაღისთვის, როგორც კულტურული ცენტრისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი საერთაშორისო პროექტების მასპინძლობა და უცხოური თეატრალური სკოლების გაცნობა. თუკი ობიექტურად შევაფასებთ, გარკვეულ მომენტში დრამატურგიული ხაზი თითქოს ოდნავ გაიწელა და სპექტაკლი შეიძლებოდა ოდნავ უფრო მოკლე, კომპაქტური ყოფილიყო, რათა მაყურებელს რიტმი არ დაეკარგა. თუმცა, აქაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მსახიობების უზადო ოსტატობამ. მსახიობურმა ქარიზმამ და არტისტობამ ეს მცირე ტექნიკური ხარვეზი სრულიად დაძლია, მაყურებელს მოწყენის საშუალება არ მისცა და დარბაზი ბოლო წუთამდე დაძაბული ამყოფა.
ავტორი: სოფია ნადიბაიძე





Comments