top of page
Search

"ბამბაზიის სამოთხე" - სპექტაკლი, რომელიც აფხაზეთის ტკივილს გვახსენებს

  • Jun 5
  • 2 min read

სიღნაღის თეატრალური ფესტივალის პროგრამა, მრავალფეროვან ძიებებთან ერთად, იმითაც არის ფასეული, რომ ის ფართო ასპარეზს უთმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის შემოქმედებით კოლექტივებს. ამჯერად ფესტივალზე მაყურებლის წინაშე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თეატრალური დასი წარსდგა სპექტაკლით „ბამბაზიის სამოთხე“ (რეჟისორი- მამუკა ცერცვაძე). ნინია სადღობელაშვილის პიესაზე დაფუძნებული ეს 70-წუთიანი დრამა ეხება თემას, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის დღემდე უმწვავეს, მოუშუშებელ ტკივილად რჩება  აფხაზეთის ომსა და მის ტრაგედიას. თავისთავად, ამბროლაურის თეატრალური დასის მცდელობა, შეეჭიდოს ასეთ რთულ, მრავალშრიან და ფსიქოლოგიურად მძიმე მასალას, უაღრესად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.


სპექტაკლი ცდილობს მაყურებელს დაანახვოს ომის კატასტროფული გავლენა ადამიანების ბედზე. სიუჟეტის ცენტრშია ქართველი დედა, რომელიც აფხაზეთში შვილის ცხედარს ეძებს და აღმოაჩენს, რომ მისი შვილის საფლავი აფხაზი ქალის ეზოშია. სპექტაკლი აღწერს ტრაგიკულ ჯაჭვს: ქართველ მეომარს, რომელმაც შემთხვევითი ტყვიით აფხაზი ქალის შვილი მოკლა, შემდეგ მას თავად აფხაზი ბიჭის მეგობრები კლავენ, შვილმკვდარი აფხაზი დედა კი ორივე გარდაცვლილს საკუთარ ეზოში კრძალავს. ეს არის ორი დედის  აფხაზისა და ქართველის  შეხვედრა საერთო ტკივილთან, რომლითაც სპექტაკლის მთავარი სათქმელი მკაფიოვდება: ჩვენ დასაბრუნებელი გვაქვს არა მხოლოდ აფხაზეთის მიწა, არამედ თავად აფხაზი ხალხიც.


   სპექტაკლის მსვლელობისას მსახიობთა გუნდი (ლილიანა მხეიძე, თამარ ობოლაშვილი, ზაალ მეტრეველი, ნანა ლებანიძე, გიორგი ბერიშვილი, დავით დაუშვილი, ივანე ცაგურიშვილი, დავით ბერიშვილი) მაქსიმალურად ცდილობდა ამ ღრმა დრამატიზმის სცენაზე გადმოტანას და ცალკეული სცენები ნამდვილად ორგანულად და ემოციურად ჟღერდა. სპექტაკლის მთლიანობის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანა ვეფხვია გვიშიანის სცენოგრაფიამ (მხატვრობამ), დადუ ამირანაშვილის მუსიკალურმა გაფორმებამ და თამაზ დაუშვილის ქორეოგრაფიამ. თუმცა, როგორც თეატროლოგი, ვერ ავუვლი გვერდს იმ პროფესიულ გამოწვევებს, რაც ამ დადგმისას გამოიკვეთა და რაც პირდაპირ უკავშირდება ტექსტისა და სცენური დროის მართვას.


 ისევე, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, აქაც უმთავრეს პრობლემად ტექსტთან მიმართება რჩება. ნინია სადღობელაშვილის პიესა თავისი სათქმელით ძალიან ღრმაა, თუმცა დღევანდელ თეატრალურ კონტექსტში მას სჭირდება მეტი ადაპტაცია და თანამედროვე რეალობასთან მისადაგება, რათა სათქმელმა უფრო მწვავედ და უშუალოდ მიაღწიოს მაყურებლამდე.  


   ემოციური თანაგანცდა და პარტნიორული შეთამაშება:  მსახიობთა დიალოგებისას ხანდახან იგრძნობოდა სცენური თანაგანცდის ნაკლებობა. რეჟისორული ჩანაფიქრით, აშკარად იკვეთება მსახიობებს შორის პარტნიორული შეგრძნებების გაღვივების მცდელობა, თუმცა სცენაზე ამ კავშირების ბოლომდე რეალიზება ვერ მოხერხდა - საუბრისას პერსონაჟებს აკლდათ ერთმანეთის სიღრმისეული მოსმენა და „შეთამაშება“.


  დადგმის ერთ-ერთ სუსტ ელემენტად ტემპო-რიტმის ვარდნა იქცა. სპექტაკლი დაყოფილია ცალკეულ სცენებად და ყოველი სცენის დასრულებისას შუქი სრულად ქრება. ტექსტებს შორის გაჩენილმა მრავალგზისმა და ხანგრძლივმა პაუზამ სპექტაკლის დინამიკა შეანელა. მხატვრული თვალსაზრისით, გაცილებით ეფექტური იქნებოდა, თუ რეჟისორი სცენიდან სცენაზე გადასასვლელად სხვა, უფრო დინამიკურ, პლასტიკურ ან რეჟისორულ ხერხს მოიფიქრებდა, რაც არ გაწყვეტდა სპექტაკლის ერთიან ემოციურ ხაზს. 


 ამბროლაურის თეატრალური დასის წევრების გულწრფელი მცდელობა და რეჟისორული ძიებები იმის დასტურია, რომ რეგიონულ თეატრებს აქვთ პოტენციალი, იფიქრონ დიდ და სერიოზულ საკაცობრიო პრობლემებზე. ფესტივალი კი სწორედ ის სივრცეა, სადაც ასეთი შემოქმედებითი შეხვედრები ახალ იმპულსებს აძლევს ხელოვანებს შემდგომი პროფესიული ზრდისთვის.


ავტორი: სოფია ნადიბაიძე

 
 
 

Comments


  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page