top of page
Search

აზერბაიჯანულად აჟღერებული „ზოოპარკის ამბავი“

  • Signagifest
  • Jun 4
  • 1 min read

სიღნაღის თეატრალური ფესტივალის მესამე დღის საღამო თბილისის აზერბაიჯანულენოვანი თეატრის „ერა“-ს სტუმრობას დაეთმო. დასმა ანარ გუმბათოვის რეჟისორობით ედვარდ ოლბის ცნობილი პიესა – „ზოოპარკის ამბის“ სცენური წაკითხვა შემოგვთავაზა.ამერიკული აბსურდის დრამის პიონერის, ედვარდ ოლბის „ზოოპარკის ამბავი“ დრამატურგის პირველი პიესაა, რომელიც მოკლე ალეგორიად ითვლება თანამედროვე საზოგადოების შესახებ. როგორც პიესაში, ისე სპექტაკლშიც წამოწეულია ისეთი თემები, როგორებიცაა: ადამიანებს შორის არსებული კომუნიკაციის პრობლემა, მარტოსულობა, სოციალური უთანასწორობა, ეგზისტენციალური კრიზისი, მენტალური პრობლემები და ა.შ.თვითონ ოლბის პიესა კომპაქტურობით გამოირჩევა, მაგრამ ანარ გუმბათოვის სპექტაკლი განსაკუთრებულად ლაკონიური იყო, რადგან რეჟისორმა აქცენტი პიესის ცენტრალურ თემებზე გადაიტანა. გარდა ამისა, პიესაში ძირითადად დიალოგის მონოლოგიზაციაა, რადგან დომინირებს ჯერის (იდრის რუსტამოვი) მონოლოგური რეჟიმი, ხოლო პიტერის (ელნურ ვალიევი) რეპლიკები მინიმალურია. შესაბამისად, იმისათვის, რომ წარმოდგენა მოსაბეზრებელი არ გამხდარიყო, რეჟისორმა ტექსტი შეამოკლა.

სპექტაკლის მოკლე ხანგრძლივობის მიუხედავად, წარმოდგენას აკლდა ქმედითობა და რეჟისორული გადაწყვეტები. შესაძლოა, ეს იმით აიხსნას, რომ აღნიშნული სპექტაკლის დამდგმელი პროფესიით მსახიობია და, შესაბამისად, ძირითადი აქცენტი მსახიობთა შესრულებაზე გადაიტანა, და არა ინტერპრეტაციაზე.


სპექტაკლის მხატვარი თავად რეჟისორი, ანარგუმბათოვია. მისი სცენოგრაფია მხოლოდ სკამით შემოიფარგლება, ნიუ-იორკული ატმოსფეროს შექმნის მცდელობა კი ფრენკ სინატრას „Autumn In New York“-ის გაჟღერებით გამოიხატა.


მნიშვნელოვანია, რომ მსახიობთა შესრულებაში აშკარა იყო ის, რომ თითოეული მათგანი მაქსიმალურად იხარჯებოდა თავისი პერსონაჟის განსახიერების პროცესში.


იდრის რუსტამოვმა შექმნა მენტალური პრობლემებისა და ღრმა სულიერი სამყაროს მქონე მარგინალი პერსონაჟის პორტრეტი. მსახიობის შესრულებაში შესამჩნევია, რომ მას გულმოდგინედ აქვს დამუშავებული თავისი პერსონაჟი.


ელნურ ვალიევმა თავისი შესრულებით წარმოსახა გარდასახვის უნარი, რაც დრამატურგიიდანაც გამომდინარეობს, რადგან პიტერი ერთი შეხედვით ინდიფერენტული პერსონაჟია, მაგრამ ფინალში აშკარავდება, რომ იგი ჯერიზე არანაკლებ ტრაგიკული პერსონაჟია.


თბილისში დაფუძნებული პირველი აზერბაიჯანულენოვანი თეატრის „ერას“ სპექტაკლი „ზოოპარკის ამბავი“ მაქსიმალური სისადავით გამოირჩევა. ცხადია, სპექტაკლში არის არაერთი პასაჟი, რომელიც დახვეწას საჭიროებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შემოქმედებითი გუნდისგან მაქსიმალური გულმოდგინეობა იგრძნობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ განვითარების პოტენციალი გააჩნიათ.


ავტორი: ანასტასია ჩერნეცოვა.

ree

 
 
 

Comments


  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page