top of page
Search

"ნიკო"

  • Signagifest
  • Jun 5
  • 1 min read

სიღნაღის თეატრალური ფესტივალის მეოთხე დღე კახეთის სხვა ქალაქში — გურჯაანში გაგრძელდა, სადაც მაყურებელმა ლევან ხვიჩიას სპექტაკლი „ნიკო“ იხილა. წარმოდგენა ეფუძნება მსოფლიოში აღიარებული  ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის ბიოგრაფიულ მასალებს.ფიროსმანის როგორც შემოქმედებითი, ისე პირადი ისტორია ხშირად გამხდარა ხელოვანთა შთაგონების წყარო. საკმარისია გავიხსენოთ გიორგი შენგელაიას 1969 წელს გადაღებული კინოშედევრი „ფიროსმანი“.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის სიღნაღის ფესტივალზეც გამარჯვებული გახდა ნიკა ლუარსაბიშვილის ამავე სახელწოდების სპექტაკლი, რომელიც „მოხეტიალე მთვარის თეატრმა“ წარადგინა.ლევან ხვიჩიას „ნიკო“  გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრში გაიმართა. წარმოდგენა ფაქტობრივად არავერბალურია — მხოლოდ დროდადრო ისმის რამდენიმე რეპლიკა.სპექტაკლი დახუნძლულია ეფექტური სცენებით, რომლებსაც აცოცხლებენ მოყვარული მსახიობები: გიორგი გელაშვილი, დათა გორგიაშვილი, გიორგი ქადაგიშვილი, კახა ოდიშელაშვილი, ლუკა შაკიაშვილი, გიორგი ბერიკაშვილი, სალომე მუსხელიშვილი,ჟანა მაისურაძე, გიორგი ბეროშვილი, მარიამ მაისურაძე, ნინი დვალიშვილი.ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია ის სცენა, სადაც პატარა ნიკო საკუთარ მომავალ ნამუშევრებს უყურებს — ტილოებად ქცეულ მსახიობებს.


ree

ასევე გამორჩეულია ვნებიანი  აღმოსავლური ცეკვა (ქორეოგრაფი — ლაშა რობაქიძე) მორის რაველის „ბოლეროს“ ფონზე (მუსიკალური გაფორმება — ალექსანდრე კორძაია). ერთი შეხედვით, შესაძლოა ეს მუსიკალური ნაწარმოები შეუთავსებლად მოგვეჩვენოს აღმოსავლურ მოტივებთან, მაგრამ წარმოდგენაში ეს კონტრასტი უჩვეულო სინთეზად იქცა.მართალია, სპექტაკლი ქმედითობით გამოირჩევა, მაგრამ რამდენიმე სცენა ზედმეტად გრძელია, რაც მაყურებლის ინტერესს აქვეითებს. მაგალითად, სპექტაკლის დასაწყისში პატარა ნიკო და დედამისი სტატიკურად, საკმაოდ დიდხანს უმზერდნენ ერთმანეთს, მაშინ როცა ძირითადად სწორედ წარმოდგენის დასაწყისით ხდება მაყურებლის სპექტაკლში „ჩათრევა“.შოთა ბაგალიშვილის სცენოგრაფიაში დომინირებს ნაცრისფერი; მსგავსი კოლორისტული გადაწყვეტა მკაფიოდ გამოხატავს ნიკო ფიროსმანაშვილის ტრაგიზმით გაჯერებული ცხოვრების ატმოსფეროს. მოძრავ კედელზე ნაცრისფრად შეღებილი კვადრატებია, რომლებიც გადაღებილი სურათების ასოციაციას ბადებს.  შესაძლოა, მხატვრობა გამოხატავს იმას, რომ ნიკოს ცხოვრების თითოეული ეპიზოდი (სურათი) საბოლოოდ სევდიანად „იღებებოდა“.გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრში წარმოდგენილი ლევან ხვიჩიას სპექტაკლი ნიკო ფიროსმანაშვილის ბიოგრაფიის სცენური ინტერპრეტაციის ერთგვარი მცდელობაა, სადაც აქცენტი გაკეთებულია ვიზუალურ ფორმებზე. მართალია, წარმოდგენის რამდენიმე ეპიზოდი დინამიკას მოკლებულია, მაგრამ ცალკეული სცენები ძლიერ ემოციურ გავლენას ახდენს და ახალი რაკურსით გვაცნობს გამოჩენილი ქართველი მხატვრის ბიოგრაფიულ ამბებს.


ავტორი: ანასტასია ჩერნეცოვა.

 
 
 

Comments


  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page