top of page

„ჰეი, შენ!“

ავტორი: ანა (ალექსანდრა) სულამანიძე

„ჰეი, შენ!“

„ჰეი შენ!“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ფესტივალის მეხუთე დღეს წარადგინა პოლონეთის დამოუკიდებელმა თეატრმა „კივილი“ („კრზიკ“). ეს დასი 2002 წელს დაარსდა და დღემდე აქტიურად მუშაობს, როგორც თეატრალური კომპანია და არასამთავრობო ორგანიზაცია.

სპექტაკლზე „ჰეი შენ!“ ორმა რეჟისორმა იმუშავა - მარეკ კოსციოლეკიმ და ანია გინიევსკამ.
ისინი იყენებენ სიჩუმეს, როგორც ინსტრუმენტს, რათა ხაზი გაესვას ვერბალური და არავერბალური ენით რთული და ღრმა ემოციებისა და შინაგანი მდგომარეობის გამოხატვას.
სიჩუმე ამ წარმოდგენის შემოქმედებითი ჯგუფის მთავარი იარაღია, რომელსაც ავსებს ქმედითობა და სხეულის ენა. გარდა ამისა, სპექტაკლის განმავლობაში ისინი ხატავენ დიდ ტილოზე და ეს კიდევ ერთ გამომსახველობით ენად იქცევა.
წარმოდგენაში ორი მსახიობი მონაწილეობს: ალექსანდრა ჩუბინსკა და ნიკოლა პალეი. ისინი სცენიდან საკუთარ თავთან და ერთმანეთთან ურთიერთობაზე საუბრობენ, იკვლევენ საკუთარი თავის ძიების პროცესს და ერთმანეთთან ურთიერთობაშიც კი თითქოს საკუთარ თავს ეძებენ. მთლიანობაში მათი მიზანია იკვლიონ და გადმოსცენ ადამიანის ღრმა და ინტიმური, იდუმალი ადამიანური ურთიერთობების სირთულეები.
მსახიობები სპექტაკლს ორ ენაზე თამაშობენ, ინგლისურად და პოლონურად, შეიძლება მაყურებლისთვის გასაგებია ის, თუ რაზე საუბრობენ, მაგრამ ორი ენის გამოყენების დატვირთვა ბუნდოვანია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ორ ქალს შორის დუმილი და სხვადასხვა ენაზე საუბარი კომუნიკაციის მძლავრ ფორმად იქცევა, რაც სიტყვების მიღმა ღრმა კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა.

სპექტაკლი ძალიან დინამიკურად ვითარდება და მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში, სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, ირკვევა პერსონაჟების ვინაობა, ეს ადამიანური ურთიერთშემცვლელი ბუნების სიმბოლოა. ასევე თვალსაჩინოა იდენტობისა და ურთიერთკავშირის შერწყმა, საკუთარი „მე“-სა და ეგოს იმ დონემდე დაყვანა, რომ სპექტაკლის კულმინაციურ მომენტში ვხედავთ ორივე პერსონაჟის ეგოისტურ გამოვლინებას, რაც მიგვანიშნებს რეჟისორის ჩანაფიქრზე, რომ თითოეული ადამიანის იდენტობა აგებულია ურთიერთქმედებებისა და ურთიერთობების მეშვეობით.

ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი თუ სამოყვარულო დასები ეჭიდებიან არა მარტივ, არამედ ღრმა ფსიქოლოგიურ და საჭირბოროტო თემებს. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ნამდვილად არის სპექტაკლი - „ჰეი შენ!“

  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page