„ჩვენი დარჩენილი ცხოვრების ყველაზე მაგარი ზაფხულის და სულელების შესახებ“
ავტორი: ანა (ალექსანდრა) სულამანიძე

ფესტივალის მეხუთე დღეს ვიხილეთ ორი სპექტაკლი საერთაშორისო პროგრამიდან. პირველი წარმოდგენა ეკუთვნის ესპანელებს, რომლებიც პირველივე დღიდან ძალიან აქტიურად ესწრებიან საფესტივალო სპექტაკლებს და შეხვედრა-მასტერკლასებს, ეცნობიან ქართულ თეატრალურ სასწავლო და სამუშაო ტექნიკებს.
ეს სამოყვარულო დასი ქალაქ ტერასაში 2008 წლიდან არსებობს და მიზნად ისახავს საკუთარი შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას, ამ დრომდე უკვე არაერთი ნამუშევარი აქვთ შექმნილი სხვადასხვა მნიშვნელოვან და საჭირბოროტო თემაზე. როგორც სპექტაკლების ანოტაციებიდან ჩანს, ამ დასისთვის აქტუალურია ოჯახური თემები და ყოველდღიური ცხოვრებისეული ნიუანსები, ამიტომ მათი შემოქმედებითი კვლევის საკითხი სწორედ ამგვარი მასალაა. არც ფესტივალის მეხუთე დღეს წარმოდგენილი პირველი სპექტაკლი „ჩვენი დარჩენილი ცხოვრების ყველაზე მაგარი ზაფხულის და სულელების შესახებ“ არ აღმოჩნდა გამონაკლისი, რადგან სპექტაკლი ეხმიანება სწორედ დანგრეული ოჯახისგან გამოწვეულ სირთულეებს.
პიესის ავტორი, რეჟისორი, სცენოგრაფი და კომპოზიტორი ხოსე ანტონიო აგუადო გონსალესია, რომელმაც ორი მსახიობი ქალის ამბავი გააცოცხლა და შეეცადა მათი ტკივილებისა და ცხოვრებისეული კრიზისის შესახებ სცენიდან ესაუბრა. რეჟისორი იყენებს გავრცელებულ ხერხს - თეატრი თეატრში, თამაში თამაშში, რაც, თავის მხრივ, ამსუბუქებს სიუჟეტს და იმ სიმძაფრეს, რაც თან ახლავს რეჟისორის ჩანაფიქრს.
სპექტაკლში ორი მსახიობი მონაწილეობს - როზა დომენეჩი და ჯუდით კანტონი. ისინი თამაშობენ რძალ-დედამთილს, რომლებიც სხვადასხვანაირად ებრძვიან იმ აუტანელ ყოფას, რომელშიც ერთად აღმოჩნდნენ.
სპექტაკლის დასაწყისში ორივე პერსონაჟი თავისთვისაა და თითქოს ერთმანეთს ვერც ამჩნევენ. პირველი სცენა პერსონაჟების გაცნობის ილუსტრირებას ჰგავს. ჩანს, რომ რძალი მხატვარი და ფოტოგრაფია, დედამთილი კი სცენაზე ჩემოდნით შემოდის და ისე იქცევა, როგორც საკუთარ სახლში. ისინი უპირველესად, არავერბალური ენით ქმნიან გარკვეულ ეჭვებს და ნელ-ნელა ცხადი ხდება - რეალურად პერსონაჟებს ერთმანეთის მიმართ არც სიყვარული ამოძრავებთ და არც სიძულვილი, მათ შორის არის რაღაც სხვა, რაც შეიძლება მათთვის გაცილებით ღრმა და საშიში იყოს.
მთელი სპექტაკლის განმავლობაში დედამთილი რძალს რამდენჯერმე ეკითხება თავისი შვილის - მატეუს შესახებ, სად არის ის - გაიქცა თუ დაიკარგა, ამის გარკვევა კი მისთვის შეუძლებელია და სპექტაკლი ისე სრულდება, რომ დაწყებული ამოცანები და გახსნილი კითხვები პასუხგაუცემელი რჩება.
უდავოა, რომ პერსონაჟები განიცდიან და ებრძვიან სიცარიელეს, რომელიც ერთს ქმრის, მეორეს კი შვილის წასვლამ დაუტოვა. ერთი შვილს ეძებს, მეორე კი ცდილობს ქმრის დაკარგვით გაჩენილი სიცარიელე ამოავსოს, თუმცა ამ ყველაფრის მიღმა სპექტაკლის აზრი და სათქმელი ბუნდოვანი რჩება.
დარბაზში შესვლისთანავე ყველაზე მეტად ყურადღებას სცენოგრაფია იპყრობს, ეს განცდა მაყურებელს სპექტაკლის დასრულებამდე მიჰყვება. სცენა გადატვირთულია რეკვიზიტებით, ფერადი კოსტიუმებით, რასაც ემატება ფერადი განათება. საკიდზე ვხედავთ ცისფერ პიჯაკებს, რომლებზეც თეთრი ღრუბლებია დახატული, მათ ზემოთ კი ჩამოკიდებულია ქუდი. ეს ყოველივე რენე მაგრიტის სურათებს მოგვაგონებს, სპექტაკლის კულმინაციურ მომენტში კი თავადაც ახსენებენ მხატვარს, შეიძლება ცოტა ბუნდოვანია ამ გადაწყვეტის სათქმელი, მაგრამ სანახაობრივად სპექტაკლის მრავალფეროვნებას უწყობს ხელს.
ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სპექტაკლს ჰყავს ძალიან მცირე შემოქმედებითი ჯგუფი და ფაქტობრივად ერთი ადამიანი ითავსებს სხვადასხვა ფუნქციას - ეს უდავოდ დასაფასებელია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ისინი სამოყვარულო, დამოუკიდებელი თეატრალური დასის წევრები არიან და პირველ რიგში ენთუზიაზმი და თეატრისადმი სიყვარული ამოძრავებთ.