top of page

„ერთისა და იმავეს კეთებას შედეგი არ მოაქვს“ - გოგი მარგველაშვილის მასტერკლასი

ავტორი: ანა (ალექსანდრა) სულამანიძე

„ერთისა და იმავეს კეთებას შედეგი არ მოაქვს“ - გოგი მარგველაშვილის მასტერკლასი

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გრძელდება. ფესტივალის გულშემატკივრები, მონაწილეები, მაყურებლები თუ ადგილობრივი მაცხოვრებლები კვლავ აქტიურად არიან ჩართულნი მიმდინარე პროცესში. საფესტივალო დღეების კვალდაკვალ სიღნაღში თავმოყრილი ხელოვანები, სხვადასხვა თეატრისა თუ თეატრალური დასის წარმომადგენლები უფრო და უფრო მეტად ამყარებენ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირს, ეცნობიან კოლეგების ნამუშევრებს, სპექტაკლებს, უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ აზრებს, შთაბეჭდილებებსა და ინტერესებს.

მეხუთე საფესტივალო დღე რეჟისორ გიორგი მარგველაშვილის (საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი, ხელოვნების დოქტორი, მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი) მასტერკლასით დაიწყო. რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ აუდიტორია გაივსო ახალგაზრდა მოყვარული და დამწყები მსახიობებით, მეტიც, რეჟისორის მასტერკლასზე დასასწრებად სტუდენტები თბილისიდანაც ჩამოვიდნენ. ეს ფაქტიც იმის დასტურია, რომ გიორგი მარგველაშვილის ლექცია-მასტერკლასი და გამოცდილების გაზიარება ძალზე მნიშვნელოვანია მსახიობების შემოქმედებითი განვითარებისა და ზრდისათვის.

„ნუ გეშინიათ შეცდომის დაშვების. თქვენ გარშემო რაც ხდება, ყველაფერი არის თამაში. შეიძლება სხვადასხვა ფორმის, მაგრამ... ყველაფერი თამაშია, თა მა ში!“ - აღნიშნავს რეჟისორი.

თუ გავიხსენებთ და დავაკვირდებით ფესტივალის ფარგლებში უკვე ნანახ სპექტაკლებს, ადვილად შევამჩნევთ, რომ ნაკლები გამოცდილების მქონე დასები ხშირად ირჩევენ დრამატული სიუჟეტის მქონე ნაწარმოებებს და იშვიათად მუშაობენ კომედიური ჟანრის პიესაზე, რადგან ხშირად დრამატული ტექსტის შინაარსიც კი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ იმოქმედოს მაყურებლის ემოციურ მდგომარეობაზე. კომედიურ ჟანრში კი საქმე გაცილებით რთულადაა. თუ დრამაში მსახიობს შეუძლია ტექსტით, შინაარსით ან პათეტიკურობით „მოატყუოს“ მაყურებელი, კომედიაში გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება, რომ კონკრეტული ამოცანა შეასრულოს. ამიტომ, როდესაც ამბობენ, რომ სცენიდან მაყურებლის ატირება უფრო მარტივია, ვიდრე გაცინება - მართალია.

გიორგი მარგველაშვილის მიერ ჩატარებული მასტერკლასი მოიცავდა მსახიობის ოსტატობის სხვადასხვა საბაზისო სავარჯიშოს, სადაც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა თითოეულ დამსწრეს. ერთ-ერთი სავარჯიშოს მიზანს კი სწორედ ზემოთ აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავება წარმოადგენს - მაგალითად, აუდიტორიის ცენტრში ორი მსახიობია, რომლებსაც სხვადასხვა ამოცანა აქვთ, ერთის მიზანია გააცინოს მეორე, ხოლო მეორის - უყუროს, უსმინოს, მაგრამ არ გაიცინოს. სავარჯიშოს ორივე მონაწილეს საკმაოდ რთული ამოცანა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მასტერკლასი არც ისე ხანგრძლივი იყო, ვფიქრობ, ეს და სხვა აქტივობები იქ დამსწრე პროფესიონალებისთვის თუ მოყვარული მსახიობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა; ამ საკითხებზე დაფიქრება და მუშაობა აუცილებლად დაეხმარებათ, რომ თითოეული მათგანი სცენაზე უფრო თამამი და მრავალფეროვანი იყოს.
მასტერკლასის მონაწილეებს გიორგი მარგველაშვილმა უთხრა: „ნუ გეშინიათ შეცდომის დაშვების, თქვენ ვერ დაუშვებთ აქ ისეთ შეცდომას, რომელიც ვინმეს დაღუპავს... მთავარია გააკეთოთ! თუ ხედავთ, რომ ერთი არ გამოდის, მეორე გააკეთეთ. ერთისა და იმავეს კეთებას შედეგი არ მოაქვს“.

  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page