top of page

სიღნაღის საერთაშორისო ფესტივალის პირველი დღე

მოხეტიალე მთვარის თეატრი - "ფიროსმანი"




ავტორი: ანა (ალექსანდრა) სულამანიძე

სიღნაღის საერთაშორისო ფესტივალის პირველი დღე

სიღნაღის ფესტივალი დაიწყო.
მუნიციპალიტეტის ცენტრში თავი მოიყარა თეატრთან კარგად დამეგობრებულმა საზოგადოებამ (და არა მხოლოდ) და ქალაქიც ახმაურდა.
სიღნაღის თეატრალური ფესტივალი უკვე მეორე წელია მასპინძლობს სხვადასხვა სახალხო თეატრსა და კერძო სამოყვარულო დასს. წელს კი ფესტივალს ახალი სტატუსი შეემატა, რადგან ის გრძელდება, როგორც საერთაშორისო ფესტივალი და უმასპინძლებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ხელოვანებს, როგორც კონკურსის მონაწილეებს, ასევე ჟიურის წევრებს.
ფესტივალი კვლავ ისახავს მიზნად წაახალისოს და პოპულარიზაცია გაუწიოს სახალხო თეატრებსა და კერძო სამოყვარულო დასებს. გარდა სპექტაკლებისა, პროგრამის ფარგლებში ყოველდღიურად ჩატარდება მასტერკლასები ფესტივალზე მყოფი შემოქმედებითი ჯგუფებისათვის, ადგილობრივი დაინტერესებული პირებისათვის და არა მხოლოდ, რომლებსაც წარუძღვებიან სპეციალურად მოწვეული პროფესიონალი სტუმრები.
სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ტრადიციულად პრესკონფერენციით გაიხსნა, სადაც ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა - საბა ასლამაზიშვილმა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა - მალხაზ ბეგიაშვილმა მოკლედ მიმოიხილეს ფესტივალის პროგრამა და დაგეგმილი ღონისძიებები.

თეატრალური ღონისძიებებით ახმაურებული სიღნაღის თეატრალური ფესტივალის პირველი თეატრალური წარმოდგენა „ფიროსმანი“ გახლდათ, რომელიც „მოხეტიალე მთვარის თეატრმა“ წარმოადგინა. სპექტაკლის რეჟისორი, ინსცენირების ავტორი და მუსიკალური გამფორმებელი ნიკოლოზ ლუარსაბიშვილია, რომელიც შემოქმედებით ჯგუფთან ერთად გვიყვება ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრების ისტორიას განსხვავებული ხედვითა და ასპექტებით. როგორც ჩანს, სპექტაკლის მიზანი სწორედ ის იყო, რომ „მოხეტიალე მთვარის თეატრს“ ფიროსმანი მაყურებლისთვის უკეთ გაეცნოთ არა მხოლოდ, როგორც მხატვარი და შემოქმედი, არამედ როგორც ადამიანი, რადგან სპექტაკლში ასახულია ფიროსმანის ცხოვრების ისეთი ფრაგმენტები, რომელიც ხაზს უსვამს მის ფასეულობებსა და ადამიანობას.
ცხოვრების იმ პერიოდში, როდესაც დიდი გაჭირვება იყო და ადამიანებს ლუკმა პური და რძე არ ჰქონდათ შვილების გამოსაკვებად, ერთმანეთის მიმართ სიკეთე და ზრუნვა ბევრისთვის უცხო გახდა, თუმცა მცირე გამონაკლისთა შორის იყო ნიკო ფიროსმანი, რომელმაც მეწილე ვაჭრის აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულების მიუხედავად არ დაკარგა თავისი გულისხმიერება ღატაკების მიმართ, და მეტიც, მან მეწილე ვაჭართან მუშაობა აღარც გააგრძელა თავისი პრინციპებისა და ადამიანური ღირებულებების ერთგულების ნიშნად.
შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლი აგებულია ბიბლიურ მოტივებზეც, თუნდაც ერთ-ერთი სცენა, როდესაც ფიროსმანი მთელ ქონებას ღატაკებს დაურიგებს ის თავს მშვიდად და იმედიანად გრძნობს, რადგან მან ეს სიკეთე სიამოვნებით გააკეთა, ეს კი გვახსენებს ბიბლიიდან ქრისტეს სიტყვებს „მიეცი და მოგეცემა“. ასევე გვხვდება დაბადების წიგნის მოტივებზე აგებული სცენა: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა...“ და ა.შ.

წარმოდგენა თოჯინური სპექტაკლია. მნიშვნელოვანი და აღსანიშნია ის, რომ სპექტაკლში მონაწილე ყველა თოჯინა ძალიან ბუნებრივი და მეტყველია.
თოჯინებს კი ათამაშებენ სპექტაკლში მონაწილე მეთოჯინე-მსახიობები: ნინო კოტაშვილი, ლუკა ჭულუხაძე, ნიკალაი ამოევი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, ნანიშა მეტრეველი, ალექსანდრე კვეზერელი, გიორგი თოთაძე, ლევან ბაიდაური, ლელა ხაჩატუროვი.
მათი შესრულების ტექნიკა იმდენად ქმედითი და ორგანულია, რომ მაყურებელში ბადებს ემოციას, თითქოს თითოეული თოჯინა მართლა ცოცხალია. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თოჯინების მიღმა მყოფი მსახიობები ძალიან ტექტიკურად და მოხერხებულად ათამაშებენ თოჯინებს. ამავდროულად, განათებაც მიზანმიმართულად იმდენად მუქ ტონალობაშია გადაწყვეტილი, რომ მეთოჯინეები არც ჩანან, რაც ხელს უწყობს მაყურებელს ორიენტირი ჰქონდეს მხოლოდ თოჯინების წარმოდგენაზე, ეს კი სანახაობრივად გაცილებით ესთეტიკურს ხდის. თუმცა, მეორე მხრივ, სპექტაკლის ზოგიერთ მომენტში განათება იმდენად მწირია, რომ თოჯინების დანახვაც რთულია.

წარმოდგენა ოთხმოცდაათი წუთი მიმდინარეობს, როგორც უკვე აღვნიშნე, „ფიროსმანი“ თოჯინური სპექტაკლია, ასევე გამოყენებულია თითების თეატრის ტექნიკაც და ძალიან მრავალფეროვანია გამოყენებული სიმღერებით, გახმოვანებით, სცენოგრაფიითა (მხატვრები: ნინო კიდია და ირინე ყველიაშვილი) თუ სხვა კომპონენტებით.
შესაძლოა სპექტაკლი გათვლილია მოზარდებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მაგრამ წარმოდგენა თავისი შინაარსითა თუ გამომსახველობითი ფორმებით იმდენად შინაარსიანი, აზრიანი და სანახაობრივად სასიამოვნოა, რომ, ვფიქრობ, ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის საინტერესო იქნება.
ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სიღნაღის თეატრალური ფესტივალის პირველი დღე ნამდვილად წარმატებით გაიხსნა, რადგან წარმოადგინეს ისეთი გემოვნებიანი სპექტაკლი, როგორიცაა „ფიროსმანი“.

  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page