"ბაკულას ღორები"
ავტორი: ანა (ალექსანდრა) სულამანიძე

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ბოლო სპექტაკლი ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა სახალხო თეატრმა წარმოადგინა.
ბორჯომის სახალხო თეატრის მსახიობები უკვე მეორე წელია სიღნაღის თეატრალური ფესტივალის მონაწილეები არიან. გასულ წელს მათ წარმოადგინეს სპექტაკლი „ხედი სასტუმრო საქართველოდან“.
წელს კი ყველასათვის ნაცნობი დრამატურგისა და პიესის თანამედროვე ინტერპრეტაცია შესთავაზეს მაყურებელს. ახალგაზრდა რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა დავით კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“ გააცოცხლა სცენაზე.
„ბაკულას ღორები“ მოგვითხრობს იმერეთში მცხოვრები გაღატაკებული აზნაურების ყოფას. გაჭირვების ჟამს ადამიანების რეალური სახე ხომ ყველაზე კარგად ჩანს. გალაქტიონ ხოსოლიანის ოჯახიც სწორედ თავიანთი გადაწყვეტილების მსხვერპლია, როდესაც თავიანთი ყოფის გამოსასწორებლად თანამდებობის მქონე ნათესავს სთხოვეს დახმარება, ყველაფერი გაწყვიტეს, ყველა პირუტყვი, რაც კი შვილების გამოსაკვებად ჰყავდათ. „დიდებულ სუფრაზე“ ბიძაშვილი შაშა და მისი უფროსი ჩინოსანი - ვასილ ივანიჩი დაპატიჟეს, თუმცა ამაოდ, ბაკულას ღორები სწორედ ამ დღეს არ გამოჩნდნენ. ამიტომ, ხოსოლიანის ოჯახს იმედი დაეკარგა, რომ თანამდებობის მქონე პირების დაპატიჟებით მეზობელ ბაკულას შეაშინებდა.
ამ ყოველივეს ლუკა ინწკირველი თანამედროვე სათეატრო ხერხებით გვიყვება.
სპექტაკლში შვიდი მსახიობი მონაწილეობს ( ამირან ქაჩიბაია, თამარ გელაშვილი, მარიამ ლომიძე, მანუჩარ გოგოლაური, ბაქარ ლომიძე, სალომე მიქელაშვილი, გიორგი ჩოჩნიძე ) და თითოეული მათგანი სახასიათო გმირს ქმნის. ერთ-ერთ პერსონაჟს - პეპელას, რომელსაც მსახიობი მარიამ ლომიძე ასრულებს, შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლის წამყვანი როლი უჭირავს. მისი შექმნილი პერსონაჟი მართლაც განსხვავებული, ინდივიდუალური და დასამახსოვრებელია.
სპექტაკლში ასევე ყურადსაღებია მუსიკალური გაფორმება, რომელიც სცენებს შორის გადასვლებს ელფერს მატებს და ამით რეჟისორი თავს არიდებს ხარვეზებს, რომლის საშიშროების წინაშეც ხშირად ხვდებიან რეჟისორები.
ასევე საგულისხმოა რეჟისორის ფინალური სცენის გადაწყვეტა, როდესაც დამწუხრებულ, იმედგაცრუებულ ცოლ-ქმართან მიდიან სხვა პერსონაჟები, ისე თითქოს პანაშვიდი იყოს. ვფიქრობ, სცენაზე აბსოლუტურად გამართლებულია ტექსტის ამგვარი გააზრება, მაგრამ ამავდროულად მსგავსი მიზანსცენა შაბლონურადაც კი მიმაჩნია, რადგან დავით კლდიაშვილის პიესებისა თუ მოთხრობის ინტერპრეტაციებში მრავლად გვხვდება მსგავსი გადაწყვეტა, ამიტომ კარგი იქნება თუ რეჟისორები თანამედროვე სპექტაკლის დადგმისას თავს აარიდებენ მსგავს შაბლონებს. მუშაობის პროცესში ძიება და სიახლის აღმოჩენა საბოლოო შედეგს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება და მასზე დადებითად აისახება.