top of page
Search

BULLSH*T - პროპაგანდის სისასტიკე

  • 6 days ago
  • 2 min read

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გრძელდება. ფესტივალზე მყოფ მაყურებელს 2ივნისს ჰქონდა უკრაინული დასის “KHATA”-ს სპექტაკლის „Bullsh*t”  ხილვის საშუალება, რომლის ავტორი, რეჟისორი და მხატვარი ანასტასია პავლენკოა.


აღსანიშნავია, რომ ფესტივალს უკრაინის წარმომადგენლები პირველად ესტუმრნენ და სასიხარულოა, რომ ახალი, თანაც მებრძოლი ქვეყანა შემოუერთდა საკონკურსო პროგრამას.


„ბულშითმა“ არაერთი ასოციაცია დაბადა ჩემში, პირველ რიგში ჯორჯ ორუელის სამყაროსი, რადგან წარმოდგენაში წინ წამოწეულია ისეთი თემა, როგორიცაა პროპაგანდა. ერთია ის, რომ წარმოდგენილი იყო ანიმაცია, რომლის მიხედვით ადამიანებს ტვინის მაგივრად რადიო ჰქონდათ ჩადებული, მეორე კი ისაა, რომ ეკრანზე  ნაჩვენები იყო ორუელის ცნობილი ფრაზა - „ომი - მშვიდობაა, თავისუფლება- მონობაა, უცოდინრობა ძალაა“.

დღეს, როგორც არასდროს, სწორედ  სხვადასხვა სახისა და მხარის პროპაგანდა არის ზომბირების ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი,  რაც სპექტაკლის ნარატივებში იკითხება, როცა კოსტინტინ ნოვიკოვის  პერსონაჟი კითხულობს აბსურდულ ტექსტს პროპაგანდაზე, რომელსაც „ბულშითს“ იგივე სისულელეს უწოდებს. ამასთანავე, სოციალურ ქსელებშიც რომ ჩავიხედოთ, დავინახავთ თუ როგორი მოწამლული არიან როგორც პოზიციის, ისე ოპოზიციის მხარდაჭერები.


თუ ვსაუბრობთ აღნიშნულ სპექტაკლზე, აუცილებლად გაგვახსენდა ბერტოლდ ბრეხტის თეატრალური ესთეტიკა, რადგან მსახიობი ამსხვრევს „მეოთხე კედელს“ და პირდაპირ ესაუბრება მაყურებელს. მსახიობის გარდასახვები მახსენებს  თავად ბრეხტის „კარიერა არტურო უის“ მთავარი პერსონაჟის „ნიღაბთა“ ცვლილებას, კოსტიანტინ ნოვიკოვი ხან მხიარული პროპაგანდისტია, ხან კი, აბსოლუტურად სერიოზული პიროვნება, რომელიც რეჟიმის სისასტიკეზე საუბრობს. თანაც, ბრეხტი ასოციაციას იწვევს იმ კუთხითაც, რომ მსახიობი მიმართავს ეპიკურ ფორმას.  ასევე, სიმღერა  გრიგორი პლუშკინზე არის ერთგვარი მოქმედების კომენტატორი, რაც გერმანელ დრამატურგთან გვხვდება.


აღსანიშნავია სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება, რომელიც ძირითადად გამოირჩეოდა ელექტრონული მუსიკით, თანაც მნიშვნელოვანია ის, რომ ნაწარმოები  ორგანულად ერწყმოდა დადგმის სხვა კომპონენტებს.

სპექტაკლის ყურებისას ასევე ასოციაცია გამიჩნდა ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დადგმულ „ოიდიპოსთან“, სადაც, როგორც  ამ სპექტაკლში, მაყურებელი „ქიუარ“ კოდებს ასკანირებს და ხდება უშუალოდ სპექტაკლის მონაწილე. როგორც „ოიდიპოსში“, ისე „ბულშითში“ საკითხი ისეა დასმული, რომ მაყურებლის ძირითადი ნაწილი ხმას აძლევს იმ პასუხს, რომელიც  წარმოდგენას აწყობს. პირველ შემთხვევაში, ოიდიპოსმა რომ არ გააგრძელოს თამაში და მეორეში კი ის, რომ ყველაფერში დამნაშავეა მთავრობა. ორივე დადგმაში კოვიდ პანდემიაზეა საუბარი, კითხვა მდგომარეობს იმაში თუ ვინ დამნაშავეა ან რატომ დავიწყებას მიეცა აღნიშნული მოვლენა. ამასთანავე, ამ  სპექტაკლებში მსახიობი მაყურებელს მიკროფონით უსვამს კითხვას.


თავიდან იქმნება შთაბეჭდილება იმისა, რომ მსახიობი ყველა მთავრობას აკრიტიკებს, მათ შორის საკუთარი ქვეყნის მაგრამ  ბოლო მონოლოგიდან გამომდინარე იგი მაყურებელს ბრძოლისკენ მოუწოდებს, რომელიც  გაურკვეველია  თუ რას ეხება - მეზობელ  „მეგობრულ“ ქვეყანასთან დაპირისპირებას, თუ ქვეყანაში არსებულ უსამართლობასთან. თითქოს დადგმამ ფინალისკენ დიდაქტიკური ხასიათი შეიძინა.


დასასრულს, „Bullsh*t“ არა მხოლოდ პროპაგანდის მექანიზმებზე გვესაუბრება, არამედ იმაზეც, თუ რამდენად მარტივად შეიძლება საზოგადოება იქცეს მანიპულაციის ობიექტად. სპექტაკლი მაყურებელს მუდმივად დისკომფორტის მდგომარეობაში ამყოფებს -  სიცილსა და შიშს, თამაშსა და რეალობას შორის. სწორედ ამით აღწევს წარმოდგენა მთავარ მიზანს: გვაიძულებს დავფიქრდეთ, რამდენად დამოუკიდებელია ჩვენი აზროვნება მაშინ, როდესაც ყოველდღიურად ინფორმაციული ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით. მიუხედავად იმისა, რომ ფინალისკენ დადგმა გარკვეულ დიდაქტიკურობას იძენს, იგი მაინც ინარჩუნებს აქტუალურობას და თანამედროვე პოლიტიკური თუ სოციალური რეალობის მიმართ მწვავე დამოკიდებულებას.


ავტორი: ანასტასია ჩერნეცოვა

 
 
 

Comments


  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page