top of page
Search

ჰელადოსი - სამშობლო უფრო ღრმადაა

  • 3 days ago
  • 2 min read

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მესამე დღეს, საღამოს, გურჯაანის თეატრის სცენაზე ვიხილეთ  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდი-ნახეს“ სპექტაკლი „ჰელადოსი“, რომელიც დაფუძნებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით ( რეჟისორი -ნუგზარ ბუცხრიკიძე).

მიუხედავად იმისა, რომ „მოდი -ნახე“ სამოყვარულო დასია, ისინი თბილისელ (და არა მხოლოდ) მაყურებელს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობენ. რად ღირს, გიორგი ჭანტურიას დადგმა „ჩამოსულები“, რომლის ვიდეოები თითქმის ყველა სოციალურ ქსელში გვხვდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ თეატრალური დასის რეპერტუარში დიდი პოპულარობით სარგებლობს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლები, საკმარისია გავიხსენოთ „მე ვხედავ მზეს“ და „ თეთრი ბაირაღები”,“ბოშები“. 

ამასთანავე, სიღნაღის თეატრალური ფესტივალისთვის აღნიშნული დასი უცხო არაა, პირველ წელს მათ მიიღეს მონაწილეობა სპექტაკლით „მე ვხედავ მზეს“, ხოლო გასული წლის გამარჯვებული სპექტაკლი „მოდი - ნახეს“ „უკანასკნელი თოლია“ იყო.

ახლა კი გადავინაცვლოთ აფხაზეთში, იქ, სადაც ცხოვრობს ახალგაზრდა ჯემალო (მერაბ ზუზაძე) და იანგული ( უჩა ხალიჩაშვილი). პირველი, რაც მაყურებელს თვალში ხვდება, ესაა თეთრი ზეწარი, რომელიც სპექტაკლის განმავლობაში მრავალ ფუნქციას ითვისებს, მაგალითად  მიმართულია გამოსახულების პროეცირების, რისი საშუალებითაც  გვექმნება შთაბეჭდილება იმისა, რომ ჩვენ ვართ რკინიგზის სადგურზე  ან   ზღვის პირას.

ზეწარი ტექნიკურ ფუნქციასაც ასრულებს, იგი მალავს სცენას მაშინ, როცა მასზე სცენოგრაფიული ცვლილებები ხორციელდება. ასევე, ჩრდილების თეატრის განსახორციელებლად მიმართავენ ზეწარს. სხვათა შორის, ძალზე ეფექტური იყო ჩრდილებით გაცოცხლებული ქმედება, კონკრეტულად კი ვგულისხმობ იანგულისა და ჯემალოს ჩხუბის სცენებს. ერთადერთი, აღნიშნული სცენები ძალზე გაწელილია და თანაც ორჯერ მეორდება. სასურველი იქნებოდა, რომ  ჩხუბის ეპიზოდები განსხვავებული ვარიაციებით წარმოდგენილი ყოფილიყო.

რაც შეეხება გაწელილ სცენებს, კიდევ 1-2 იყო ასეთი, მაგალითად საბალეტო სკოლისა და იანგულის მამის გამოჩენა, მაგრამ პირველ შემთხვევაში,  ჩრდილების სცენაზე არანაკლებ ეფექტური იყო მიდას (ლიზი ცერცვაძე) ცეკვა, რომელიც ტემპერამენტითა და ცეცხლოვნებით გამოირჩეოდა (ქორეოგრაფი - გიორგი ჭანტურია).

სხვათა შორის, სპექტაკლის ერთ-ერთი ძლიერი მხარე ქორეოგრაფიული ნამუშევარია, რაც განსაკუთრებით ჩანს იანგულის გაცილების ეპიზოდში, სადაც ახალგაზრდები ცეკვავენ აჭარულსა და ზორბას. აქ ვლინდება როგორც ანსამბლურობა, ისე თითოეული შემსრულებლის ინდივიდუალური მახასიათებლები.

სამსახიობო ოსტატობის შემთხვევაში, ძირითადად დადებითი შთაბეჭდილებები დამრჩა. ჯემალოს  შემსრულებელი გამოირჩეოდა ბუნებრიობით, შესანიშნავი მეტყველების უნარით, სწორი ინტონაციებით. იგივეს ვიტყვი იანგულის  შემსრულებელზე, რომელმაც შექმნა ბრუტალური, მაგრამ ამავდროულად ფაქიზი ბუნების მქონე ახალგაზრდის სახე.

ასევე, გამოვარჩევდი მიდას როგორც სამსახიობო, ისე ქორეოგრაფიულ მონაცემებს,  მსახიობს ფაქიზად, სადად აქვს გამოძერწილი თავისი პერსონაჟის მხატვრული სახე.

სამსახიობო შესრულებიდან, ასევე გამოსაყოფია იანგულის მამა (ზურაბ ბერუაშვილი), რომელიც ძალზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან იგი ყოველგვარი გადაჭარბებოს გარეშე ასრულებს საკუთარ მოვალეობას.

 ნუგზარ ბუცხრიკიძის „ჰელადოსი“ არის სპექტაკლი, რომელიც ნოდარ დუმბაძის ტექსტში ჩადებულ ადამიანურ და მოქალაქეობრივ ღირებულებებს თანამედროვე მაყურებლამდე გასაგები და ემოციური ფორმით მიაქვს. მიუხედავად ცალკეული გაწელილი ეპიზოდებისა, დადგმა გამოირჩევა საინტერესო სცენოგრაფიული გადაწყვეტებით, შთამბეჭდავი ქორეოგრაფიული ნომრებითა და ბუნებრივი სამსახიობო შესრულებით. საბოლოოდ, „ჰელადოსი“ გვახსენებს, რომ სამშობლო მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის — ის ადამიანებში, მათ ურთიერთობებსა და მეხსიერებაში აგრძელებს არსებობას, ამიტომაც, როგორც სპექტაკლი მიანიშნებს, სამშობლო მართლაც „უფრო ღრმადაა“.


ავტორი: ანასტასია ჩერნეცოვა

 
 
 

Comments


  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page