top of page
Search

„ჩვენ გველის დიდება“

  • 4 days ago
  • 2 min read

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მესამე დღე კახეთის სხვა ქალაქში - გურჯაანში გაგრძელდა, სადაც მაყურებელმა  ლევან ხვიჩიას  სპექტაკლი „ჩვენ გველის დიდება“ იხილა, რომელიც ეფუძნება კრისტოფერ გორის ნამუშევარს.

მაყურებლები სხედან არა მაყურებელთა დარბაზში, არამედ სცენაზე. ქართველი

მაყურებლისთვის მსგავსი გადაწყვეტა არ არის უჩვეულო, საკმარისია გავიხსენოთ ავთანდილ ვარსიმაშვილის „სიყვარულის ხეივნები“ გრიბოედოვის თეატრში, ასევე გიორგი მარგველაშვილის „ჰელვერის ღამე“, დავით დოიაშვილის „თამაში“ ბათუმის თეატრში, გიორგი კაშიას „ირინეს ბედნიერება“ და სოსო ნემსაძის „ფაბრიკის გოგოები“ რუსთავის თეატრში და ა.შ.  დიდი ალბათობით რეჟისორები ამ ხერხს მიმართავენ იმისათვის, რომ  მაყურებლისთვის მოცემული ამბავი მეტად ახლობელი გახდეს.ამასთანავე, შემოქმედებით ჯგუფს მაყურებელთა დარბაზი აქვს ათვისებული.

სპექტაკლის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ჟღერდა ფრენკ სინატრას “L.O.V.E.” უცნაურია, თუ რატომ მიმართა რეჟისორმა აღნიშნულ მუსიკალურ გადაწყვეტას, რადგან აღნიშნული ნაწარმოები არანაირ კავშირში არ იყო.

სპექტაკლში არაა სცენოგრაფია, მხოლოდ ცარიელი სივრცეა, მხოლოდ რეკვიზიტებია გამოყენებული.

რაც შეეხება სამსახიობო ოსტატობას, ქალი მასწავლებლის როლის შემსრულებელი  მომენტებში ზედმეტად პათეტიკურია, მაგალითად შესარჩევი ტურის ერთ-ერთ სცენაში, განსაკუთრებით, როცა ყვირის - „შემდეგი“.

ამასთანავე, გაწელილია ექსპოზიციური ნაწილი, სადაც აბიტურიენტები დარბიან. სასურველი იქნება, თუ აღნიშნული სცენა  შეიკვეცება, რაც დადგმას დინამიკურობას შესძენს.

გაუგებარი იყო ისიც, თუ რატომ  იყო  ჩაწერილი ხმა ჯარისკაცის გამოსვლის სცენაში, როცა ყოველივე თავად მსახიობს შეეძლო შეესრულებინა, რაც მეტად ეფექტური გამოვიდოდა და გამოამჟღავნებდა  მსახიობის საშემსრულებლო პოტენციალს.

რაც შეეხება მუსიკალურ გაფორმებას, გამოირჩეოდა მრავალფეროვანი რეპერტუარით, ჩაიკოვსკის და შოსტაკოვიჩის ნაწარმოებით დაწყებული ტვინ პიქსით დამთავრებული. სუმბურულობა  არ იყო არაორგანული, პირიქით, თავსებადი იყო ამა თუ იმ სცენასთან.

 სპექტაკლის მიხედვით, მაყურებელი ესწრება კინო აკადემიაში არსებულ მისაღებ გამოცდებს და სწავლების პროცესს. აღნიშნული დადგმა აქტუალურია მოზარდებისთვის და განსაკუთრებით აბიტურიენტებისთვის, რადგან ამ დადგმის საშუალებით მათ შეიძლება დაინახონ ის ავ-კარგი მხარეები, რასაცა  აბიტურიენტები და სტუდენტები გადიან შემოქმედებით სასწავლებელში სწავლისას.

მოზარდმმა მსახიობებმა შექმნეს მრავალფეროვანი სახეები, ზოგი „ქუჩის ბიჭი“ იყო, ზოგი ძალზე მორცხვი პიროვნება, ზოგი კი, ზედმეტად ამბიციური ახალგაზრდის ტიპაჟები. განსაკუთრებიტ გამოვყოფდი ახალგაზრდა მოყვარულ მსახიობ გოგონას, რომელმაც მისაღებ გამოცდაზე არაჩვეულებრივად შეასრულა სიმღერა და ყურადღება მოიქცია თავისი სადა საშემსრულებლო მანერით.

„ჩვენ გველის დიდება“ ფესტივალის ფარგლებში არის მესამე სპექტაკლი, სადაც მსახიობების მხრიდან დავაფიქსირე რბილი ლ-ს წარმოთქმის პრობლემა. იმედია, რომ შემოქმედებითი ჯგუფი იზრუნებს აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრაზე.

სპექტაკლის ფინალში, პროექციის საშუალებით დავინახეთ  წარმოდგენის სადადგმო პროცესის კადრები. გაუგებარი იყო ის, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ყოველივე, სავარაუდოდ სენტიმენტების გამოსაღვიძებლად.

მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში შეინიშნებოდა გარკვეული ხარვეზები როგორც რეჟისორულ, ისე საშემსრულებლო დონეზე, „ჩვენ გველის დიდება“ მაინც საინტერესო მცდელობაა ახალგაზრდებისთვის აქტუალური თემების სასცენო გააზრებისა. დადგმა მაყურებელს აცნობს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც შემოქმედებითი პროფესიის არჩევისას აღმოჩნდებიან ახალგაზრდები და ამ მხრივ საგანმანათლებლო ფუნქციასაც იძენს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მოზარდ მსახიობთა მონდომება და ენერგია, რაც სპექტაკლის ერთ ერთ მთავარ ღირსებად შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ ამიტომ, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, „ჩვენ გველის დიდება“ მაყურებელს საფიქრალს უტოვებს და ახალგაზრდული თეატრის განვითარების პროცესში საინტერესო ნამუშევრად რჩება.


ავტორი: ანასტასია ჩერნეცოვა

 
 
 

Comments


  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page