"სტუმარ-მასპინძელი" - ფორმისა და შინაარსის დიალოგი
- Jun 5
- 2 min read

სიღნაღის თეატრალური ფესტივალი სულ უფრო მეტად იმკვიდრებს თამამი, საინტერესო ექსპერიმენტებისა და განსხვავებული შემოქმედებითი ძიებების პლატფორმის სტატუსს. ფესტივალის მიმდინარეობისას მაყურებელმა არაერთი საინტერესო სპექტაკლი იხილა, თუმცა ა (ა) იპ მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრის სტუმრობამ სიღნაღში ძალზე განსხვავებული, მრავალპლანიანი ესთეტიკა შემოიტანა. მათ ფესტივალზე წარმოადგინეს ვაჟა-ფშაველას გენიალური პოემის, „სტუმარ-მასპინძლის“ სრულიად ახლებური ხედვა (რეჟისორი- ვახო ჩაჩანიძე). ეს იყო არა კლასიკური, ტრადიციული სპექტაკლი, არამედ სინთეზური, აუდიოვიზუალური პროექტი, რომელიც თეატრალური ხელოვნების, კინოკადრირებისა და მულტიმედიის მიჯნაზეა განსახოვნებული.
აღსანიშნავია ფორმის მრავალპლანიანობა, სინქრონი ეკრანსა და პარტერს შორის- წარმოდგენის მთავარ ღირსებად სწორედ მისი მრავალშრიანი სტრუქტურა იქცა, რომელიც მაყურებლისგან ერთდროულად აღქმის რამდენიმე არხის მობილიზებას მოითხოვდა. ერთი მხრივ, სცენაზე/ეკრანზე ვიდეო კადრირების სახით ჩანდა მსახიობთა დინამიკური ქმედება, მეორე მხრივ კი, თავად მსახიობები უშუალოდ პარტერში ისხდნენ და ადგილზევე, „ცოცხალი“ ხმით ახმოვანებდნენ ეკრანულ რეალობას. ამ აუდიოვიზუალურ სინთეზს განსაკუთრებული დრამატიზმი შესძინა ქვიშით ხატვის ხელოვნებამ. ქვიშაზე ცოცხლად, მაყურებლის თვალწინ იქმნებოდა თითოეული სცენის ვიზუალური ილუსტრაცია. აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო უბრალო დეკორატიული ფონი, მხატვარმა ზუსტი აქცენტები დასვა ქვიშაზე, ფაქტობრივად, ყოველი ხელის მოსმა ვაჟასეული პერსონაჟების შინაგან ტრაგიზმსა და ემოციურ განწყობას პასუხობდა.
მსახიობთა გუნდმა (გეგი ფალიანი, დათო ხახიძე, რატი გოგუაძე, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ჭოლაძე, აჩიკო ბურჭულაძე, ბაქარ ფალიანი, გაბრიელ მჭედლიანი, ნონა გიუნაშვილი, ვახტანგ ჩაჩანიძე, მახო მაისაშვილი, საალომე მაისაშვილი, ნიკა კვანტალიანი, ლუკა ჯაფარიძე) შეძლო პარტერიდანვე შეექმნა ის მძლავრი ენერგეტიკული ველი, რომელიც ეკრანზე მიმდინარე ვიზუალურ რიტმს ერწყმოდა. ამ მთლიანობის მიღწევაში უდიდესი როლი ითამაშა გია მარღანიას ქორეოგრაფიამ, ელენე აფციაშვილის კონცეპტუალურმა კოსტიუმებმა და არჩილ ბურჭულაძის მუსიკალურმა გაფორმებამ, რომელიც ხაზს უსვამდა პოემის ეპიკურ და, ამავდროულად, ლირიკულ ბუნებას. ვაჟას აქტუალობა და რეჟისორული გამოწვევა მოგეხსენებათ, „სტუმარ-მასპინძელი“ ქართული აზროვნების ერთ-ერთი მწვერვალია, პოემაში ვაჟა-ფშაველა თემისა და სტუმარმასპინძლობის დაპირისპირებას ადათობრივი სამართლის ორი კანონის კოლიზიით გვიჩვენებს.
როგორც თეატრის მკვლევარი, ვერ ავუვლი გვერდს ერთ მნიშვნელოვან ნიუანსს, რომელიც ფორმისა და შინაარსის ბალანსს ეხება. ვიზუალიზაციის, მულტიმედიური გადაწყვეტისა და ტექნიკური შესრულების მხრივ, ინტერპრეტაცია ნამდვილად დასაფასებელი და ეფექტური იყო.
თუმცა, როდესაც საქმე ეხება ასეთ მძლავრ თანამედროვე ფორმებს, ჩნდება მოლოდინი, რომ თავად ტექსტობრივი მასალაც გაივლის რეფლექსიას დღევანდელ რეალობასთან მიმართებით. იმისათვის, რომ წარმოდგენას სრული მხატვრული და კონცეპტუალური გამარჯვებისთვის მიეღწია, კარგი იქნებოდა, ტექსტიც უფრო მეტად მორგებოდა 21-ე საუკუნის კონტექსტს. როდესაც ვიზუალი ასეთი მოდერნისტულია (ქვიშის ანიმაცია, კინოეკრანი, პარტერიდან გახმოვანება), კლასიკური ტექსტის უცვლელად დატოვება ზოგჯერ ქმნის დისონანსს პროგრესულ ფორმასა და არქაულ ენობრივ ქსოვილს შორის. დღევანდელ საქართველოში და, ზოგადად, სამყაროში, სადაც საზოგადოებისა და ინდივიდის კონფლიქტი ტოლერანტობისა და რადიკალიზმის დაპირისპირების ახალ ფაზაშია გადასული, ტექსტის დრამატურგიული ადაპტაცია, მისი უფრო მკვეთრი გათანამედროვება პროექტს კიდევ უფრო მეტ სოციალურ და ფილოსოფიურ სიმწვავეს შესძენდა. მიუხედავად ამ კრიტიკული შენიშვნისა, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ეს ნამუშევარი სიღნაღის ფესტივალის ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად უნდა ჩაითვალოს. ის ამტკიცებს, რომ ფესტივალი არ არის მხოლოდ სტანდარტული დადგმების სივრცე, ის არის შემოქმედბითი პლატფორმა, რომელიც ხელოვანებს სრულ თავისუფლებას აძლევს.
ავტორი: სოფია ნადიბაიძე





Comments