ლუიჯის მოთხოვნადი გული
- 5 days ago
- 2 min read

2 ივნისის საღამოს სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ვიხილეთ ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის დრამატული დასის სპექტაკლი „ლუიჯის გული“, რომელიც სლოვაკელი დრამატურგის - ივან ბუკოვჩანის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგეს.
„ლუიჯის გული“ მართალია სლოვაკელი დრამატურგისაა, მაგრამ ითვლება „ამერიკულ ბუფონადად“. დრამატურგი მიმართავს გროტესკს, სატირასა და ფარსს ამერიკული საზოგადოებისა და მართლმსაჯულების კრიტიკისთვის. საკანი როგორც პიესაში, ისე სპექტაკლში ერთგვარ სავაჭრო ადგილადაა წარმოდგენილი.
ლუიჯი არაა უბრალოდ განგსტერი, არამედ მის გულში ფეთქავს თითოეული ადამიანისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ - სამშობლოს სიყვარული. ამიტომაც, იგი მზადაა სამშობლოს დღეგრძელობისთვის საკუთარი გულიც კი გასწიროს.
რეჟისორი ლორიტა ჯორჯიკია მიმართავს პროექციას, რომელზეც საკანია გამოსახულია, და ამასთანავე კინემატოგრაფიული კადრებია გამოყენებული, რომელიც საკმაოდ ეფექტურია და გამოხატავს საზოგადოების პროტესტს.
ლუიჯის შემსრულებელი - იმედა აბზიანიძეძალზე ორგანულად ასრულებს ერთი მხრივ უდარდელი მამაკაცის, მაგრამ ამავდროულად ღრმა გრძნობათა ბუნების მქონე მამაკაცს. მის შესრულებაში საერთოდ არაა პათეტიკის ან ხელოვნურობის მაგვარი. საერთოდ, მამაკაცთა სამსახიობო ნამუშევრები ( თამაზ გოგიშვილი, ვეფხია ნადირაძე, გია სტურუა, ერეკლე ცხვარაძე) ყველაზე ბუნებრივი იყო, რასაც ვერ ვიტყოდი ქალ მსახიობებზე, განსაკუთრებით კი ლუიჯის ცოლის, იზაბელას ( ნინო ჭახნაკია) თამაშში. მესმის, რომ იგი ე.წ. სექს სიმბოლოს ასრულებს, მესმის, რომ პათეტიკაც იქნებოდა მის თამაშში, თუმცა ზოგიერთ ეპიზოდში ეს მანერა ხელოვნურობის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
ისიც მესმის, რომ სპექტაკლის ჟანრული საფუძვლებიდან გამომდინარე გადაჭარბებული თამაშს მოითხოვს, მაგრამ ფაქტია, რომ გინდ დრამაში და გინდ კომედიაში აუცილებელია ორგანულობა. დიანას შემსრულებლის (თეონა თევზაძე)თამაში კი ქალებს შორის ყველაზე ბუნებრივი და სადა იყო.
როგორც „არტ დრონის“ სპექტაკლში, ისე სამტრედიის თეატრის დადგმაში, ქალი მსახიობების მხრიდან მჟღავნდებოდა მეტყველების პრობლემები, როგორიცაა რბილი ლ-ს წარმოთქმა. ყოველივე შესაძლოა იმერული კილოდან გამომდინარეობს მაგრამ სასიხარულოა ის, რომ ფესტივალის ფარგლებში არსებობს მეტყველების მასტერკლასი და დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი გამოცდილება ყველა დასს გამოადგება.
მსგავსი გადაწყვეტა სრულად ორგანულ შთაბეჭდილებას ყოველთვის ვერ ქმნის, თუმცა სპექტაკლის საერთო ჟანრობრივ კონტექსტს არც ეწინააღმდეგება ( მუსიკალური გაფორმება - ლორიტა ჯორჯიკია).
დასასრულს, „ლუიჯის გული“ მაყურებელს ერთი შეხედვით მსუბუქ, კომიკურ და გროტესკულ სამყაროს სთავაზობს, თუმცა ამ გარეგნული სიმსუბუქის მიღმა არაერთ მნიშვნელოვან საკითხს აყენებს. ივან ბუკოვჩანი სატირისა და ფარსის საშუალებით საუბრობს არა მხოლოდ ამერიკულ საზოგადოებაზე, არამედ ზოგადად იმ რეალობაზე, სადაც ადამიანური ღირებულებები, პატრიოტიზმი და სამართლიანობა ხშირად ვაჭრობისა და ინტერესების საგნად იქცევა. სწორედ ამ კონტექსტში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ლუიჯის პერსონაჟი, რომლისთვისაც სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სიტყვები არ არის და მზადაა საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი დაიცვას ის, რაც მისთვის ძვირფასია.
ლორიტა ჯორჯიკიას დადგმა ცდილობს პიესის გროტესკული ბუნების თანამედროვე თეატრალური ხერხებით წარმოჩენას. პროექციები, ვიდეოკადრები და მუსიკალური გაფორმება ქმნის იმ ატმოსფეროს, რომელიც მაყურებელს ერთდროულად სიცილისა და დაფიქრებისკენ უბიძგებს. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში შეინიშნება გარკვეული პრობლემები როგორც სამსახიობო შესრულების, ისე მეტყველების კუთხით, დადგმა მაინც ახერხებს მთავარი სათქმელის მაყურებლამდე მიტანას.
„ლუიჯის გული“ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ფარსი და კომედია მხოლოდ გართობის საშუალება არ არის. ხშირად სწორედ სიცილისა და გროტესკის მიღმა ისმის ყველაზე მწვავე კითხვები საზოგადოების, ხელისუფლების, სამართლიანობისა და ადამიანის პირადი პასუხისმგებლობის შესახებ. ამიტომაც სპექტაკლი საინტერესოა არა მხოლოდ თავისი ჟანრული თავისებურებებით, არამედ იმ აქტუალური თემებითაც, რომლებსაც სცენიდან გვთავაზობს.
ავტორი: ანასტასია ჩერნეცოვა





Comments