არასტერეოტიპული „შინელი“
- Signagifest
- Jun 3
- 2 min read
2 ივნისის საღამოს სიღნაღში ამინდმა ფერი იცვალა. შესაძლოა, ქალაქმა იგრძნო, რომ თეატრის შენობაში თურქეთის თეატრი „ლიბრა“ მინე აჯარის რეჟისურით გააცოცხლებდა ნიკოლაი გოგოლის „შინელის“ ახლებურ წაკითხვას (ადაპტირებული ინსცენირება – კადრი ოზკანი), რომელიც პეტერბურგის ჩრდილოეთის ქართან და სიცივესთან პირდაპირ ასოცირდება.
თანამედროვე ქართულ თეატრში გოგოლის „შინელის“ ორი დადგმა მახსენდება – ავთანდილ ვარსიმაშვილის გრიბოედოვის თეატრში და კოკო როინიშვილის მარჯანიშვილის თეატრში. ორივე დადგმა ძალზე სენსიტიურად გადმოსცემს აკაკი აკაკიევიჩის ტრაგიკულ ამბავს. ხოლო მინე აჯარის სპექტაკლმა ყველა არსებული სტერეოტიპი დამიმსხვრია ნიკოლაი გოგოლის „შინელის“ მიმართ, რასაც ხელი შეუწყო კადრი ოზკანის ტექსტმა და მისმა სამსახიობო შესრულებამ.
სპექტაკლში მოქმედება ვითარდება პირობით სამყაროში, რაც თუნდაც დუიღუ გოქალის მაქსიმალურად მინიმალისტურ სცენოგრაფიაში იკითხება, რომელიც შემოიფარგლება დახეული ნაჭრით, კიბითა და თუნუქის ქილით, და განსაკუთრებით, აკაკიევიჩის ტექსტში, რადგან მან, უფრო სწორად კი მისმა სულმა, არ იცის, სადაა – სახლში, საკანში თუ წარმოსახვით სამყაროში.
მსახიობმა კადრი ოზკანმა 55 წუთის განმავლობაში ვირტუოზულად შექმნა არა მხოლოდ აკაკი აკაკიევიჩის, არამედ ნაწარმოების თითქმის ყველა პერსონაჟის მხატვრული სახე. ყურადსაღებია, რომ მსახიობი ერთი პერსონაჟიდან მეორეში მომენტალურად და, რაც მთავარია, ოსტატურად გარდაისახება, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მისი შემოქმედებითი პოტენციალი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მსახიობმა ქართველი მაყურებლის პატივისცემისა და გულის მოგების მიზნით რამდენიმე რეპლიკა ქართულად წარმოთქვა.

კადრი ოზკანმა აკაკი აკაკიევიჩის პორტრეტი შექმნა არა ტრაგიკული, არამედ გროტესკული ელფერებით. ამით პერსონაჟის გრძნობათა ბუნება კი არ დაუკნინებია, არამედ პირიქით, მეტი სახასიათო შტრიხი შესძინა. თანაც, ესაა აკაკიევიჩის სული, შესაბამისად, არაა გასაკვირი სპექტაკლის ამგვარი გადაწყვეტა.
რაც მთავარია, კლასიკური ნაწარმოების ამგვარ გააზრებაში არ დაიკარგა „პატარა ადამიანის“ თემა, მეტიც, თანამედროვე კონტექსტშიცაა გააზრებული, რადგან აკაკიევიჩი ამბობს: „სანამ ბიუროკრატიას თავზე ასხედხართ, საკუთარ თავს ღმერთად, სხვებს კი მწერებად წარმოგიდგენიათ. ვნახოთ, ვინ შემოგხედავთ თვალებში, როცა თქვენი შინელი გაქრება“. მნიშვნელობა არა აქვს, გოგოლის თუ თანამედროვე ეპოქაში ცხოვრობ, კლასობრივი დაყოფა მუდამ არის და იქნება, განსაკუთრებით კი კაპიტალისტურ სამყაროში.
როგორც გოგოლის ტექსტში, ისე ადაპტირებულ ინსცენირებაში, შინელს სიმბოლური დატვირთვა აქვს – შეიძლება გამოხატავდეს იმედს, სიყვარულს, საყვარელ საქმეს და ა.შ. მართლაც, სანამ ჩვენ არ შეგვეხება ესა თუ ის პრობლემა, მაგალითად, თანამდებობის ან მაღალი სოციალური სტატუსის დაკარგვა, მანამდე ვდუმვართ.
ავტორი: ანასტასია ჩერნეცოვა.







Comments