„უშბა და თეთნულდი“
ავტორი: ანა (ალექსანდრა) სულამანიძე

სიღნაღის თეატრალური ფესტივალის მეექვსე დღე მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სპექტაკლით დასრულდა. მაყურებელს, ვინც 2023 წელსაც სტუმრობდა ფესტივალს, ახსოვს ამავე თეატრის წარმოდგენილი სპექტაკლი „ბეთქილი“, რომელმაც დიდი მოწონებაც დაიმსახურა, როგორც ერთ-ერთმა გამორჩეულმა სპექტაკლმა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ წლევანდელი მათი სტუმრობა დიდ მოლოდინებთან იყო დაკავშირებული. მოლოდინები გაუმართლდა თუ არა მაყურებელს ალბათ ძალზე სუბიექტურია, მაგრამ ცხადია, რომ სპექტაკლს დასრულებისთანავე მოჰყვა მქუხარე ტაში და შეძახილები.
მესტიის თეატრის წარმოდგენილი სპექტაკლი მითოლოგიური დრამაა, რომელიც თოჯინების მეშვეობით არის გაცოცხლებული. მათ მიღმა კი თერთმეტი მსახიობი დგას. „უშბა და თეთნულდი“ სვანურ ლეგენდაზეა დაფუძნებული, რომლის თანახმადაც უშბა ყოფილა ღარიბი ოჯახის ვაჟიშვილი, რომელსაც შეჰყვარებია მდიდარი ოჯახის ქალიშვილი, სახელად თეთნულდი. სიყვარული კი ორმხრივი აღმოჩნდა. ეს ამბავი თეთნულდის ოჯახს რომ გაუგია, აუკრძალავთ უშბასთან ურთიერთობა. თეთნულდს კი ღმერთისთვის უთხოვია დახმარება, რომ თუ მათ სიყვარულს მომავალი არ უწერია ერთმანეთის ყურებაში მაინც ხელი არავინ შეგვიშალოსო... კავკასიონის ქედზე კი ორი მწვერვალი სწორედ ისე დგას, რომ ერთმანეთს შესცქერიან და ეს ორი მწვერვალი უშბა და თეთნულდია.
ამ ყოველივეს თოჯინურ სპექტაკლში ასახვა, რასაკვირველია, ძალიან რთულია, მით უფრო, მაშინ, როდესაც თოჯინებს მიღმა არ დგანან სპეციალისტი მსახიობები. სპექტაკლი არ არის ვერბალური, არ საუბრობენ მსახიობები, მაგრამ ჟღერს ჩაწერილი ხმა, სადაც იგრძნობა სვანური ხასიათი და დიალექტი. ეს დეტალი კი სპექტაკლს იდენტობას სძენს და სახასიათოს ხდის, რაც მაყურებელს დადებითად განაწყობს.
საგულისხმოა, ისიც, რომ წარმოდგენის კულმინაციურ სცენაში მსახიობი მარიამ ნავერიანი, მზის როლის შემსრულებელი, არავერბალურად, უსიტყვოდ აცოცხლებს თავის პერსონაჟს. ეს გადაწყვეტა სპექტაკლს მეტად მრავალფეროვანს ხდის, რადგან შემოქმედებითი ჯგუფი ამბავს ჰყვება არა მხოლოდ თოჯინების მეშვეობით, არამედ მსახიობის ოსტატობითაც.
თოჯინური წარმოდგენა „უშბა და თეთნულდი“ სანახაობრივად ესთეტიკური და აღსაქმელად მარტივია. სპექტაკლის ერთ-ერთ მთავარი ღირსება კი სწორედ ისაა, რომ წარმოდგენა არ არის განკუთვნილი მხოლოდ ბავშვებისათვის ან მოზარდებისათვის, არამედ პირიქით, ყველა ასაკის მაყურებელს შეუძლია ისიამოვნოს.
ამდენად, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის წარმოდგენილი სპექტაკლი “უშბა და თეთნულდი“ თავისი შინაარსით, მსახიობების ანსამბლურობითა და ესთეტიკური გამომსახველობითი ფორმებით ნამდვილად ანგრევს სტერეოტიპს, რომ თოჯინების დახმარებით მოყოლილი ამბავი მხოლოდ ბავშვებისთვისაა.



