„დაარქვი, რაც გინდა და რეპეტიციის შემდეგ“
ავტორი: სოფო ნადიბაიძე

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) თეატრალური დასი ესტუმრა სიღნაღის თეატრს, სადაც წარმოადგინეს სპექტაკლი „დაარქვი, რაც გინდა და რეპეტიციის შემდეგ“. რეჟისორ გიორგი ტიელიძის (ინსცენირების ავტორი- ოთარ ქათამაძე) სპექტაკლში მოქმედება ვითარდება თეატრში, სადაც ინგმარ ბერგმანის ფსიქოლოგიური დრამის პერსონაჟი - ფოგლერი - დგამს სპექტაკლს, რომელშიც ტყუპი ძმის ისტორიაა მოთხრობილი. ისინი ომის საშინელმა რეალობამ მარტოობისთვის გაწირა- დედამ მიატოვა, რის შემდეგაც მთელი ძალით ცდილობენ თავის გადარჩენას, უდედოდ ზრდა-განვითარებას. ისინი სწრაფად გაზარდა მიუსაფრობამ და ცხოვრებასთან ჭიდილმა, ომმა კვალი ყველასა და ყველაფერს დაატყო - ძმებიც ჯამბაზების როლში მოგვევლინნენ სპექტაკლში. არანაკლები დატვირთვა აქვს სცენოგრაფიასაც- სცენაზე უსისტემოდ მიმოფანტულია ყველაფერი - სხვადასხვა ადამიანის ფეხსაცმელები, რომლებსაც თავისი ისტორია აქვთ ისევე, როგორც სათამაშო პატარა ჯარისკაცებსა და სხვა დეტალებს.
მეორე სცენაში ასახულია რეჟისორის ცხოვრება და ფსიქიკურად აშლილი მისი საყვარელი ქალი. პერსონაჟები მონდომებით ცდილობენ ურთიერთობის აღდგენას,მაგრამ ამაოა მათი მცდელობა- არ გამოდის შეკოწიწება და აღდგენა ურთიერთობისა, რადგან ვერაფერი აბათილებს ადამიანის მეხსიერებაში იმ ძალადობრივ სცენებს, თავის დროზე რომ მოუწყვია კაცს ქალის მიმართ. საგანგებოდ არ მივმართავ ახლა სპექტაკლის დეტალიზაციას, რადგან ეს ჩემი მიმოხილვის მიზანი არ გახლავთ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ თემატიკა: კომუნისტური რეჟიმი, ადამიანების მიმართ გაუცხოება, უდედმამოდ დარჩენილი ბავშვები, თვითგადარჩენისთვის ბრძოლა - ეს დღემდე დიდი პრობლემაა ჩვენთვის. რეჟისორული გადაწყვეტა ტექსტთან თანაფარდობაშია, თუმცა, წარმოდგენაში ბევრი ფერია შემოტანილი, ბევრი ხმაურია, რომელსაც ნამდვილად სჭირდება გამართლება. ხმაურში ვგულისხმობ მსახიობების გადაჭარბებულ ტონალობას. გვესმის კარგად,რომ კლოუნადას თამაში რთულია, მით უფრო, თუ ეს კლოუნადა ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური დრამის სეგმენტია, ამიტომაც ექსცენტრულობა ასეთ ვითარებაში ბეწვის ხიდზე გასვლას ნიშნავს. შესაბამისად, მსახიობს უდიდესი გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს, რომ გაამართლოს რეჟისორული გადაწყვეტა. ნუ დავივიწყებთ, ჩვენ ვსაუბრობთ არა პროფესიონალ არტისტებზე, არამედ სეუ-ს დასზე, მოყვარულ მსახიობებზე. და რაოდენ სასიხარულოა, რომ მათი თანაგანცდა ორგანულია (მსახიობები: გიორგი ბეჟანიშვილი, გეგა გალოგრე, საბა მეტრეველი, ლევან ჩერქეზია, ანა კლაუ) იმდენად, რამდენადაც მათ, როგორც ჩანს, აქვთ კომპოზიციურობის შეგრძნება, ერთობლიობის განცდა, სურთ სპექტაკლის ჯეროვნად წარმოჩენა და რეჟისორის ჩანაფიქრის შესრულება. თუმცა, ობიექტურობისა გამო, უცილობლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სპექტაკლი ერთობ გადატვირთულია მუსიკით, მრავალი ხმით, ამ ბგერით სიმფონიას ერთვის მსახიობების ზოგჯერ ზედმეტი მოძრაობაც, რასაც, სასურველია, ჰქონოდა უფრო მეტი შინაგანი დატვირთვა და მონოლოგურობა, რომელთა გაუთვალისწინებლობა ქაოსურს ხდის სპექტაკლს. ცალსახად ჩანს გუნდის მუშაობა და მცდელობა, თუმცა სპექტაკლის ბევრ კომპოზიციურ მდგენელს აშკარად სჭირდება გამართვა და გამართლება. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი დაიდგა დიდი სცენისთვის, ამიტომაც არ აღმოჩნდა სიღნაღის თეატრის მცირე სცენაზე გადმოტანილი სპექტაკლი დიდად გამართლებული. ესეცაა, რომ ამდენს ფერს, რომელსაც განათების ეფექტი გვთავაზობს, თანაც, ამგვარი მუსიკალური გადაწყვეტით, პატარა სივრცე ვერ იტევს. თავიდან სპექტაკლი დაიწყო ორი ტყუპი ძმის ისტორიით, დასაწყისი ნამდვილად საინტერესო იყო, მომაგონა სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინი“, რომლის პერსონაჟები უსასრულოდ ელოდებიან რაღაცას, არსობრივად კი, ელოდებიან ღმერთს. ამ სპექტაკლში პატარა ბიჭები დედას ელოდებიან.
დასასრულ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთიანობა, რაც სეუ-ს დასის მაგალითზე იგრძნობა, ნამდვილად დასაფასებელია, მოყვარულმა მსახიობებმა მშვენივრად გამოხატეს როგორც თანაგანცდა და ურთიერთგანცდა, ისევე შემოქმედებითი ძიებისა და მუშაობის სურვილი.



