top of page

საკუთარი თავის საკანში

თეატრი "არტ დრონი" - "ცოცხალთა ხმა"

საკუთარი თავის საკანში

2026 წლის პირველ ივნისს დაიწყო სიღნაღის რიგით მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელმაც თავი მოუყარა როგორც ქართულ, ისე უცხოურ სამოყვარულო დასებს ( უკრაინა, ნიდერლანდების სამეფო, ესპანეთი, ლიეტუვა).
ფესტივალი გაიხსნა უკვე ჩვენთვის ნაცნობი თეატრალური დასის -„არტ დრონის“ სპექტაკლით - „ცოცხალთა ხმა“, რომლის რეჟისორი, ავტორი და ერთ-ერთი მხატვარი ( სცენოგრაფიის კიდევ ორი ავტორია სოფიო ტორაძე, ანა ტაბატაძე) -ლუკა მონავარდისაშვილია.
„არტ დრონი“ სიღნაღის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მესამე წელია, რაც მაყურებელს სთავაზობს საკმაოდ მძიმე თემების მქონე დადგმებს, მაგალითად, 2024 წელს წარმოდგენილი „ფრენა“ ეხებოდა შშმ პირთა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრებას, 2025-ში კი, ქალთა როლს თანამედროვე საზოგადოებაში.
რაც შეეხება „ცოცხალთა ხმას“, აქ საქმე გვაქვს ისეთ ეგზისტენციალურ საკთხებთან, როგორიცაა საკუთარ და სხვების ცხოვრებაზე აღებული პასუხისმგებლობა, გაუცხოება, საკუთარი თავის ძიება, არჩევანი და ა.შ.
სპექტაკლის თემატიკიდან გამომდინარე გამახსენდა ჟან-პოლ სარტრის პიესა „ცხრაკლიტული“, როგორც აღნიშნული დრამის პერსონაჟები ხვდებიან „საიქიოში“, ისე სპექტაკლის მთავარი გმირი - იოანე „მკვდართა საუფლოში“ ხვდება, თანაც ქოროს წევრები ( მონიკა მუშკუდიანი, სოფიო ტორაძე, ანა ტაბატაძე, მერი კიკაძე, ანასტასია აგუმავა, თიკა რამიშვილი, სამირა კახითაევა, ცოტნე ალფენიძე) ზუსტად გამოხატავენ სარტრის ფრაზას - „ჯოჯოხეთი ეს სხვებია“, რადგან ისინი არიან მთავარი გმირის სინდისის ქენჯნის ავტორები. მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ისინი თავისებურად მოტივატორებიც არიან, მაგალითად, როცა ამბობენ - „უთხარი დღეს, ჩაეხუტე დღეს...“ შესაბამისად, ქოროს გააჩნია დუალისტური ბუნება.
სპექტაკლის მხატვრობა თეთრ-ნაცრისფერ-ნარინჯისფერ ფერებშია გადაწყვეტილი. ნაგვის გროვა, ქოხი, ნატვრის ხე, საფრთხობელებიანი ჯვრები ქმნიან პირქუშ, ჯოჯოხეთურ ატმოსფეროს. უცნაურია, რომ ნატვრის ხე ტექსტში კია ნახსენები, მაგრამ სცენაზე უფუნქციოა.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მსახიობს მცირე ხარვეზი ჰქონდა მეტყველებაში, რაშიც ვგულისხმობ რბილი ლ-ს გამოყენებას. დარწმუნებული ვარ, რომ მსახიობი მსგავს პრობლემას მარტივად მოაგვარებს, რადგან მუშაობით ყველაფრის აღმოფხვრაა შესაძლებელი ( კონკრეტულ მსახიობს ვერ ვასახელებ, რადგან აღნიშნული ხარვეზი დავაფიქსირე მაშინ, როცა მსახიობები სცენაზე არ იყვნენ გამოსულები და კულისებიდან ამბობდნენ თავიანთ რეპლიკებს).
მუსიკალური გაფორმება სპექტაკლის ატმოსფეროს შესაბამისი, დაძაბულობის განცდას იწვევდა. წარმოდგენის დასაწყისში ჟღერდა Mary Goes to Jesus, რაც ერთობ სიმბოლურია, რადგან მარიამის „მკვდართა საუფლოში“ გამოჩენამდე სწორედ მოცემული ნაწარმოები ჟღერდა.
სპექტაკლს გარკვეული ტექნიკური ხარვეზი გააჩნია, რაშიც ვგულისხმობ სცენიდან სცენაზე უხეშ გადასვლას, ე. წ. „ჩაბნელების“ ხერხით. მესმის, რომ მსგავს ხერხს იყენებენ გამომსახველობითი ხერხის ცვლილებისთვის, მაგრამ მსგავსი რამ დადგმის ტემპო-რიტმს დაბლა წევს. სასურველი იქნებოდა, თუ აღნიშნული პრობლემაც აღმოიფხვრება.
მიუხედავად გარკვეული ტექნიკური თუ მეტყველებითი ხარვეზებისა, „ცოცხალთა ხმა“ მაინც ახერხებს მაყურებელთან ემოციური და აზრობრივი კავშირის დამყარებას. სპექტაკლი გვახსენებს, რომ ყველაზე მძიმე სასჯელი ხშირად არა ფიზიკური სივრცე, არამედ საკუთარი სინდისი, აუთქმელი სიტყვები და დაკარგული დროა. სწორედ ამიტომ, იოანეს „მკვდართა საუფლო“ მხოლოდ მისტიკური ადგილი კი არა, საკუთარი თავის საკანია, სადაც ადამიანი მარტო რჩება საკუთარ არჩევანებთან, შიშებთან და პასუხისმგებლობებთან.
„არტ დრონის“ ახალი ნამუშევარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალგაზრდა დასი არ გაურბის რთულ თემებზე საუბარს და ცდილობს მაყურებლისთვის არა კომფორტული სანახაობის, არამედ ფიქრის, დისკომფორტისა და თვითრეფლექსიის სივრცის შექმნას.

ავტორი: ანასტასია ჩერნეცოვა

  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page