"ფუტურო ადამიანები"
ავტორი: სოფო ნადიბაიძე

მესამე საფესტივალო დღეს გურჯაანის სახალხო თეატრში ასევე წარდგა პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრი სპექტაკლით „ფუტურო ადამიანები“ (რეჟისორი და ინსცენირების ავტორი- გიორგი მეტონიძე). სპექტაკლი უსიტყვოა. საზოგადოდ, ერთობ რთულია, რომ არავერბალური სპექტაკლის დინამიკური და არაფრაგმენტული იყოს. ხომ ნათელია, რომ სასცენო მოძრაობით გამოიხატება, რეალიზდება მოქმედება, რომელსაც დრამატურგიული ტექსტი გვთავაზობს. განსახილველ სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: გიორგი მეტონიძე, ბუბა სავანელი, მარიამ ტაბატაძე, ცოტნე ჭუმბურიძე, საბა მაჭარაშვილი, ლიზი ლომიძე, ნინი მარგველაშვილი, ცოტნე მეტონიძე, ბადრი ბერიძე, დარეჯან ჯოხაძე, ელგა გუგუნავა. „ფუტურო ადამიანები“ თომას ელიოტის ლექსია. „ფუტურო“, ცხადია, აღნიშნავს გამოფიტულ, სიმკვრივეს მოკლებულ, რაღაც უსახოს, უფეროსა და უვნებოს, რაც რეჟისორმა გამოხატა თუნდაც დაფლეთილი კოსტიუმების შერჩევით. სცენაზე ბევრი რამაა შეგნებულად იმიტირებული: ტყის იმიტაცია, ხერხების იმიტაცია, შუა სცენაზე მიმოფანტული მსახიობები, უსახო/უსახური კაცის განსახიერება... ეფექტურია გადასვლები, განათება, მუსიკა სინქრონიზებული და გამართლებულია. ასეთ არავერბალურ სპექტაკლში სინქრონი მასობრივ სცენებში აუცილებელია, რასაც ნამდვილად ვხედავთ, თუმცა მეტი მოქნილობაც სასურველი იქნებოდა- რამდენიმე მსახიობს უფრო მეტი პლასტიკურობა წაადგებოდა. მართალია, კონკრეტიკა ჩემი ამჟამინდელი მიმოხილვის საგანი არც არის, ოდენღა ზოგადი შთაბეჭდილებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ მსგავსი ფორმა, რომელიც რეჟისორმა შეარჩია- მიკროფონი სცენაზე ან სკამები, რომლებიც განალაგა მსახიობებისთვის, ცხადია, არაა სცენოგრაფიული ნოვაცია, ის ბევრ სპექტაკლში გვინახავს, მაგალითად, გამახსენდა მაგი მარენის სპექტაკლი, რომელიც ქორეოგრაფმა ბეკეტისეული კონცეპტუალური ხედვით დადგა. რეჟისორ გიორგი მეტონიძესაც აქვს ბეკეტისეული აბსურდის ელემენტები. ასევე გავიხსენოთ პინა ბაუშის- გერმანელი ქორეოგრაფის- სასცენო მოძრაობებიც... აღარ ჩამოვთვლი იმ შემოქმედებს, რომლებსაც მსგავსად აქვთ დადგმული ამ სტილის ნამუშევრები. ჩემი თვალთახედვით, აქ უფრო მნიშვნელოვანია პიესის/დრამატურგის სათქმელის არსობრივი, კონცეპტუალური გადაწყვეტა.
სპექტაკლი მნახველის ცნობიერებაში დასაბამისეული საწყისების აქტუალიზებას ახდენს- „ფუტუროებად“ ვიბადებით და მერე ვივსებით და ვმდიდრდებით პიროვნული იმპულსებით... ალბათ, საწყისებთან მიახლება სურდა რეჟისორსაც, არარსებობიდან არსებობამდე ტრანსფორმაციის ჩვენება, ამოსვლა და გამოღწევა სტაგნაციისა და უმოძრაობის, არარად ყოფნის ჩიხიდან... საამისოდ, ვფიქრობთ, შეგნებულადაა წარმოდგენილი მსახიობების განსხეულებად კაცის ფიტულები. ისინი თითქოს მიღმური სამყაროდან არიან წარმოგზავნილნი დაბადებიდან სიკვდილამდე. სცენაზე ვერ ვხდებით კონკრეტულ, რეალურ გმირს, არ არსებობს ეს ფორმობრივი გრადაცია თუ ტრანსფორმაცია. რეჟისორს სურდა, რომ პერსონაჟებს აუდიტორიასთან დიალოგი გაშუალებულად, მიკროფონის საშუალებით დაემყარებინათ. სპექტაკლში, ერთი მხრივ, მან სათქმელს ფორმა შესძინა და მიმართა მაყურებელს, მაგრამ, მეორე მხრივ, თითქოსდა იმ დინამიკურობიდან ამოაგდო კიდეც, რაც, საზოგადოდ, ეფექტურია სცენაზე, ანუ რაც მოძრაობით მიიღწევა. შეიძლება ითქვას, რომ ეს სპექტაკლისათვის ზედმეტ დანამატად მოგვეჩვენა. მუსიკალური გაფორმება ფრიად სასიამოვნო შტრიხი იყო, მუსიკა- ახალი ფერის შემომტანი. თავად მსახიობები სცენაზე ასრულებდნენ საგალობლებს, რომლებიც საწყისთან, ღმერთთან, ზეციურ სამყაროსთან მიმაახლოებლად აღიქმებოდა და ზემოთ მითითებულ, განსახოვნების კონცეპტუალურ ჯაჭვს კრავდა. სცენაზე ყველა მოქმედება სამყაროსთან კავშირის, კაცის მიწასა და ცასთან ერთობის, უნივერსუმის მიმნიშნებლად წარმოჩნდა. ჩვენი აზრით, წარმოდგენილი სცენური მოძრაობით გამოხატა სწორედ რეჟისორმა შემოქმედის საუკეთესო ქმნილების- ადამიანის- ზემსწრაფი ლტოლვაცა და სამყაროს ერთიანობის იდეაც. ვფიქრობთ, ამ იდეის შემოთავაზება და ამგვარი ინტერპრეტაცია კარგი სახელოვნებო ჩანაფიქრია თავისთავად. ასე რომ, საჩხერის თეატრს მხოლოდ წარმატებებსა და მეტ აქტიურობას ვუსურვებთ შემოქმედებითი ცხოვრების რთულ და მნიშვნელოვან გზაზე.



