top of page

"რომ შევქმნათ რაიმე დიადი"

ავტორი: სოფო ნადიბაიძე

"რომ შევქმნათ რაიმე დიადი"

მეოთხე საფესტივალო დღეს მაყურებელმა იხილა ნამუშევარი დამოუკიდებელი თეატრალური ჯგუფისა, რომელსაც არაბი არტისტები წარმოადგენენ სპექტაკლით „რომ შევქმნათ რაიმე დიადი”. ორიოდე სიტყვით გაგაცნობთ მათ ესთეტიკურ კონცეფციას- მათი სურვილია შექმნან ისეთი სივრცე, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ ღიად გამოხატონ და აუდიტორიას ესაუბრონ თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებსა და საკუთარ თავზე ყოველგვარი პირობითობისა და დისკრიმინაციის გარეშე... რეალურად, სიღნაღის თეატრალურ ფესტივალზე წარმოდგენილი მათი სპექტაკლი, როგორი დეფინიციაც არ უნდა მოვუძებნოთ მათს სახელოვნებო მცდელობას- იქნება ეს ექსპერიმენტი ან, თუნდაც, უბრალოდ, სათქმელი თუ პოზიციის დეკლარირება- არის დასახელებულ სოციალურ თუ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ თემებზე ორიენტირებული დასის რეფლექსია. ისინი, შეიძლება ითქვას, შიშველი ხელებით, ყოველგვარი დამხმარე ინსტრუმენტის გარეშე, საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომლებიც სოციუმისთვის ჩვეული საწუხარია- მუდმივი ჩაგვრა და გამუდმებით პიროვნული მოსაზრების, ინდივიდუალიზმის უგულებელყოფა, პერმანენტული დავა და ჭიდილი პირველობისთვის და კიდევ სხვა უამრავი მტკივნეული უსამართლობა და უთანასწორობა, ჩვენს ეპოქას რომ მძაფრად ახასიათებს...ამ ტკივილსა და არაადეკვატურობაზე ოთხი მსახიობი მოგვითხრობს (სალიმა დჰაბი, ომარ აჰმედი, არვა ჰეზაჯი, მოჰამედ აიდაშთი ). რეჟისორი გახლავთ ფადი გერგესი, რომელმაც გადაწყვიტა ეთნიკური სივრცის გაფართოება და ამიტომაც სპექტაკლში სხვადასხვა ეროვნების ხალხი წარმოაჩინა. ამით მიანიშნა, რომ ეს პრობლემები საზღვრებს მიღმაა, ანუ უსაზღვროა, არც დასაბამი უჩანს და არც ბოლო, არც გეოგრაფიას დაგიდევთ და არც ლინგვისტურ, კულტურულ თუ მსოფლმხედველობით განსხვავებას- საზოგადოდაა გამეფებული და ამიტომაცაა ის მულტინაციონალური და საყოველთაო- საყოველთაო უბედურებაა დისკრიმინაცია და ის, რომ სხვა გზა არ გაქვს, უნდა შეეგუო მეტ-ნაკლებად და ისე იცხოვრო ამ სამყაროში, გაძაბუნებს, ფსიქოლოგიურად გაუძლურებს... უძლურების ამ ყოვლისმომცველ განცდას პროტესტის გრძნობა, სამწუხაროდ, ვერ ჯაბნის...ესაა სწორედ გამოხატული მსახიობთა ქმედებით.
აღვნიშნავთ კმაყოფილებით, რომ სპექტაკლი ცოცხალი მუსიკით იყო გაფორმებული და ეს მუსიკა ნამდვილად იყო დასამახსოვრებელი, მსახიობები განიცდიდნენ და იაზრებდნენ ზემოხსენებულ პრობლემებს, მათი თამაში, ყოველი მოქმედება იყო ბუნებრივი და ძალდაუტანებელი, არახელოვნური და არამანერული, თუმცა, ვფიქრობთ, რაღაც მომენტში თითქოს აკლდა განვითარება, მრავალფეროვნება. დრამატურგიულ ქსოვილს აკლდა ერთგვარად კულმინაციაც, რადგან ანტიკური რიტორიკის მსგავსად, თავიდანვე მთავარი თეზით, ძირითადი, კონცეპტუალური სათქმელით დაიწყო სპექტაკლი და აღმავალი დინამიზმი ინსცენირების პროცესიდან იმთავითვე გამოირიცხა. დიახ, მართალია, მძაფრი იყო მათი სათქმელი, მაგრამ რადგანაც ექსპერიმენტატორები არიან, იკვლევენ კიდეც სოციუმში არსებულ თემებს. ამდენად, მათი მიზანიც სწორედ ის იყო, რომ, ფაქტობრივად, კვლევა ეწარმოებინათ. შესაძლოა, მსგავსი ფორმა სათქმელის გადმოსაცემად ახალი არ არის და არც განსხვავებული ინტერპრეტაციით მოტანილი მაყურებლამდე, მაგრამ ვფიქრობთ, როდესაც სცენიდან საუბრობ სოციუმის პრობლემებზე და აუდიტორიასთან გაქვს კონტაქტი, მაყურებელი უნდა აიყოლიო კიდეც უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ ეს ვიხილეთ; საჭიროა მეტი კომუნიკაცია აუდიტორიასთან, უფრო მეტად უნდა დააფიქრო და თანაგანცდით ჩართო ის პროცესში. ცხადია, გასაგები იყო სათქმელი, მათი მცდელობაც ნამდვილად დასაფასებელი გახლდათ, მაგრამ როცა აუდიტორიასთან გიწევს სახელოვნებო კომუნიკაცია, უფრო სწორი იქნება აუდიტორიაზევე გადაიტანო აქცენტი, პირუკუ შემთხვევაში- მხოლოდ სცენაზე, ეულად და მაყურებლის გარეშე იკვლევ საჭირბოროტო რეალობას. მთავარია, არ დაიკარგოს, არ გაწყდეს ის ძაფი, ის ბმა, რაც მაყურებელსა და მსახიობს შორის უნდა იგრძნობოდეს. შემოქმედებითი ჯგუფის შრომა კი, სასურველია, იყოს ორმხრივი, ურთიერთსასიკეთო პროცესი. იმედი გვაქვს, დასი აუცილებლად გააგრძელებს ამ თემების კვლევას, რასაც დღევანდელ სოციალურ ვითარებაში ადამიანის არსებობის წახნაგები ჰქვია და მას სხვადასხვა ფორმით გამოხატავს.
წარმატებებს ვუსურვებთ ანსამბლ „ავარიულ გასასვლელს” საშემსრულებლო ხელოვნების გზაზე.

  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page