top of page

"ორკესტრი"

ავტორი: სოფო ნადიბაიძე

"ორკესტრი"

მესამე საფესტივალო დღეს ვიხილეთ დრამატურგ ჟან ანუის პიესა „ორკესტრი“, რომელიც გურჯაანის კულტურის სახლში წარმოადგინა თეატრალურმა კომპანია „ლაბორატორიამ“. როგორც მსახიობებთან საუბრისას გავიგეთ, „ლაბორატორია“ დასმა საგანგებოდ დაირქვა, ვინაიდან მათი შემოქმედება არის ექსპერიმენტული, ახლის ძიებასა და აღმოჩენასთან დაკავშირებული, ხოლო დასის წევრები კი თეატრის მოყვარული ენთუზიასტები არიან, ანუ საერთო ინტერესებით შეკავშირებული ადამიანები, რომელთა შემოქმედებითი კვლევა-ძიება და ესთეტიკა მკვეთრი დინამიკურობით ხასიათდება.

გურჯაანის კულტურის სახლში სწორედ ამ მოყვარულ მსახიობთა კოლექტივმა გაითამაშა ჟან ანუის „ორკესტრი“ (რეჟისორი გრიშო ჟორდანია). სპექტაკლში ორკესტრის წევრ ქალებსა და ერთ მამაკაცზეა საუბარი, მათ ემოციებზე, ვნებებზე, მათ ფარისევლობასა და ურთიერთდაპირისპირებულობა-კონკურენციაზე. რეჟისორმა ერთ სივრცეში მოაქცია მსახიობები, ამისთვის შემოსაზღვრა სცენა- შეგნებულად შემოგვთავაზა ჩაკეტილი სივრცის იმიტაცია და ერთ სივრცეში გაათამაშა ყოველგვარი ბუნებრივი ემოცია, რასაც კი თითოეული ინდივიდი შეიძლება ამჟღავნებდეს. მსახიობები (ხატია შიომღვდლიშვილი, გვანცა კალანდია, დეა შუკაკიძე, ანანო ქარუმიძე, გუგა ვასაძე, კაწია წიწილაშვილი, ელენე მანჯგალაძე, ლევან ყიფიანი) განიცდიან, ფიქრობენ და, ეჭვგარეშეა, რომ რეჟისორის ჩანაფიქრს ზედმიწევნითაც კი ასრულებენ. თითოეული სცენა ნამდვილად მცდელობაა ორიგინალურობისა, ამ ლოგიკით- ექსპერიმენტიც კი ემოციათა სამყაროში. თუმცა, ერთიცაა, სპექტაკლი თუ ჟანრობრივად ტრაგიკომედიაა, შესაბამისი გამომსახველობითი ფორმებიც ხომ უნდა არსებობდეს?! თანაგრძნობას ხომ უნდა იწვევდეს მაყურებელში მათი ბობოქრობა პროტესტის მიმართ?! მოგეხსენებათ, ტრაგიკომედია ურთულესი დრამატული ჟანრია. თვალნათლად იგრძნობოდა, რომ მსახიობები ათოსნების გულმოდგინებით ზედმიწევნით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ როლებს, თუმცაღა რამდენად გამართლებულია ეს ყბადაღებული „ათოსნობა“, ამაზე ხომ ყველას, ცხადია, ჩვენი აზრი გვაქვს... აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სპექტაკლის ერთი სცენიდან მეორე სცენაზე გადასასვლელი პაუზები ერთობ ხანგრძლივად აღიქმებოდა, სრულიად უფუნქციო იყო და დაუტვირთავი, დინამიკას აკლდა ტემპორიტმი, რეჟისურაც- მწირი და სადა. ვფიქრობთ, ალბათ, შეგნებულად იყო აქცენტები მეტწილად პერსონაჟთა ურთიერთობებზე გადატანილი. მკვეთრი კოსტიუმები პომპეზურად მოგვეჩვენა. სასურველი და საუკეთესოც იქნებოდა, რომ ის გამოხატავდეს სათქმელს ან ინდივიდს, მსახიობს, მაგრამ, ჩვენი აზრით, მხოლოდ კოსტიუმი და სპექტაკლში შემოჭრილი მუსიკა არ კმარა საიმისოდ, რომ დინამიკა და შინაგანი ტემპორიტმი დომინირებდეს. ამიტომაც მუსიკა და კოსტიუმი არ უნდა იყოს წინა პლანზე საგანგებოდ გამოკვეთილი და არც კოსტიუმის ჩვენება უნდა ხდებოდეს საპოდიუმე სივრცის დარად. მაყურებლებს, და უპირატესად კი, თეატრის მკვლევრებს, უფრო მეტად გვაინტერესებს, ამ სიჩუმის მიღმა რა ხდება სცენაზე, პერსონაჟთა ფსიქიკაში, რა ფსიქოლოგიური და იდეური დატვირთვა აქვს უსიტყვო სპექტაკლს. მესმის, რთულია ასეთი სპექტაკლის გამართლება, საცდურია, რომ ის კომედიური არ გამოვიდეს. ასე რომ, ბეწვის ხიდზე გავლას ნიშნავს სცენაზე დაუბრება, ოდენ მოქმედებით ოპერირება. ამას ძალზე სერიოზული და მრავალმხრივი გამოცდილება სჭირდება, თუმც, აქვე აღვნიშნოთ, რომ რეჟისორისმიერი ფორმობრივი გადაწყვეტა, ცხადია, თავისთავად საინტერესოა. სარეჟისორო ხორცშესხმისას თითოეული ქმედება გამოწვლილვით უნდა იყოს გააზრებული, ყოველი ნაბიჯი ისე უნდა გადადგას მსახიობმა, რომ ადეკვატური იყოს იმ მოცემულობისა, რომელშიც იმყოფება. სპექტაკლში ხომ აუდიტორიასთან უნდა დაამყარონ კომუნიკაცია მსახიობებმა, ამდენად მათ აქაც ბეწვის ხიდზე უწევთ გავლა, რადგან არ არის იოლი, ბუნებრივი და ძალდაუტანებელი კომუნიკაცია დაამყაროს მაყურებელმა მსახიობთან. თუ ვერ მართლდება ეს ამოცანა, ჯობია, რომ იმ ჩაკეტილ სივრცეში დარჩეს, რომლის შექმნაც ჰქონდა გადაწყვეტილი რეჟისორს და როგორმე რამდენიმე მსახიობს მაინც შეაქმნევინო ჩაკეტილობის სივრცე. ცხადია, აღმოფხვრა მსგავსი ხარვეზებისა, რომლებიც სპექტაკლს აქვს, დროისა და გამოცდილების ამბავია. ვიმედოვნოთ, რომ კვლავაც მონდომებით გაგრძელდება ამ დასის მუშაობა და შემოქმედებითი კვლევა-ძიება. მით უფრო, რომ ამის სურვილს თავადაც გულწრფელად გამოხატავენ. წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდა, ექსპერიმენტულ თეატრალურ კოლექტივს, რომელსაც მკვეთრად ემჩნევა მოწადინება და გუნდური მუშაობის უნარი. იმედი გვაქვს, მათი მცდელობები კიდევ მრავალგზის გამოიღებს კეთილ ნაყოფს.

  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page