top of page

"ვალენტინის ბაღი"

ავტორი: ანა (ალექსანდრა) სულამანიძე

"ვალენტინის ბაღი"

სიღნაღის თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამიდან ბოლო წარმოდგენა ესპანელების თეატრალურ კომპანიას ეკუთვნით. ფესტივალის მეშვიდე დღის საღამოს „ტრანვიას თეატრის“ სპექტაკლი ვიხილეთ.
ესპანური თეატრალური დასი „ტრანვიას თეატრი“ 1987 წელს დაფუძნდა ქალაქ ზარაგოზაში და დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს. ამ ხნის განმავლობაში მათი დადგმული სპექტაკლებისა და პერფორმანსების რაოდენობა იზრდება და როგორც მათ შესახებ ინფორმაცია იუწყება, საკმაოდ ბევრი ნამუშევარი აქვთ (50-ზე მეტი სპექტაკლი და 3000-ზე მეტი პერფორმანსი). როგორც თავიანთ ქვეყანაში ასევე მის საზღვრებს მიღმა.
აღსანიშნავია, რომ ისინი საქართველოს პირველად არ სტუმრობენ და სხვა თეატრალურ ფესტივალებზეც მიუღიათ მონაწილეობა. მაგალითად, გასულ წელს ისინი იყვნენ ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეები, სადაც წარმოადგინეს ქრისტინა იანეზის სპექტაკლი „მოგზაურობა პანიკიაზე“.

წლევანდელ სიღნაღის საერთაშორისო ფესტივალზე კი ითამაშეს ამავე რეჟისორის სპექტაკლი „ვალენტინის ბაღი“, სადაც სამი მსახიობი მონაწილეობს დანიელ მარტოსი, ხავიერ ანოსი და იესუს სესმა. ისინი არიან უსახელო პერსონაჟები, რომლებიც ცხოვრობენ მათთვის განსაკუთრებულ და უცხო გარემოში. მათ სამყაროში კი არსებობენ მხოლოდ ორნი, თუმცა თითქოს მათ აქვთ მესამე პერსონაჟის თანდასწრება, რომელიც მათთან ძალიან იშვიათად ჩნდება. შეიძლება ის გამოჩნდეს, როგორც სიჩუმე ან ხმა, ასევე გამოყენებულია ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ნაჩვენებია პროექტორის მეშვეობით.
პერსონაჟები უმოქმედობას ებრძვიან. ელოდებიან, რომ რაღაც უნდა მოხდეს, მაგრამ მათ თავს არაფერი არ ხდება. პერსონაჟები მიჰყვებიან დინებას და მათი უმოქმედობის დასასრული არ ჩანს. ერთ-ერთი მათგანის პერსონაჟის გადადგმული ნაბიჯი კი შესაძლოა აღმოჩნდეს გადამწყვეტი არსებული რეალობის დასასრულებლად.
სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პერსონაჟები ტრაგიკულ გმირებადაც კი მოგვეჩვენოს. ამავდროულად აბსურდის ჟანრის ელემენტებსაც ვხედავთ. სპექტაკლი აერთიანებს აბსურდის თეატრის ცნობებს და ნაწილობრივ მდუმარე კინოს ელემენტებსაც. თანამედროვე სპექტაკლი „ვალენტინის ბაღი“ აჩენს კითხვებს იმ რეალობის შესახებ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. სპექტაკლი თავისი მოტივებით სემუელ ბეკეტის პიესას „გოდოს მოლოდინში“ წააგავს, რაც ვლინდება შინაარსში, კოსტიუმებსა თუ პერსონაჟების ხასიათებში.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სცენაზე მდგომი ორივე მსახიობი ქმნის სახასიათო პერსონაჟს და აშკარაა, რომ თითოეულს თავის როლზე გააზრებით აქვს ნამუშევარი. ორივე მათგანი მართლაც მთელი სპექტაკლის წამყვანი ძალაა და თავიანთი შესრულებით ერთმანეთს ტოლს არ უდებენ. მეტიც, ისინი თავიანთი სამსახიობო ოსტატობითა და შესაძლებლობებით არ ჩამოუვარდებიან პროფესიონალ მსახიობებს.

წარმოდგენა აგებულია რთული და მჭიდრო დიალოგებით. მსახიობები, რასაკვირველია, თავიანთ ენაზე თამაშობენ და მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს შეუძლია ტიტრებს ადევნოს თვალი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ოდნავ ბუნდოვანი და გაუგებარი რჩება სცენიდან გადმოცემული ამბავი. თუ სპექტაკლი დიალოგებთან ერთად, უფრო მეტად ქმედითობას შეითავსებს, გაცილებით მარტივი აღსაქმელი იქნება მაყურებლისათვის.

  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page